All for Joomla All for Webmasters

პორტუგალიამ იაპონიის მზე ჩაასვენა

დღეიდან, 2017 წლის ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი ხელბურთში ისტორიის კუთვნილება გახდება. 92 მატჩი, ბევრი ემოცია, სიხარულისა და გულდაწყვეტის ცრემლები, დრამატიზმით აღსავსე შეხვედრები, სენსაციები და ა.შ.
თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას ტურნირის აღმოჩენააო, ეს უპირველესად იაპონიის ნაკრებია. ხელბურთში 7 ბურთიანი ჩამორჩენის გაბათილება და სულაც გამარჯვება, თანაც ყველაფერი ეს ბოლო 15 წუთში უდავოდ სასწაულების კატეგორიიდან არის.

იაპონიის ნაკრებმა 1/8 ფინალში ეგვიპტის ძლევით თბილისის მსოფლიოს ჩემპიონატის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი შემოგვთავაზა და გარდა ამისა საკუთარი ქვეყნის სახელბურთო ისტორიაც გადაწერა. აქამდე, არასოდეს ყოფილა, ასაკობრივი კატეგორიიდან დაწყებული, ეროვნული ნაკრებით დამთავრებული იაპონელებს მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო 8 გუნდში გაეღწიათ.

საქართველოს დედაქალაქში კი მათ ეს შეძლეს. იაპონიის 19 წლამდე ნაკრები საკუთარ თავს გადაახტა და ჩემპიონატის დასკვნით დღეს, სათამაშო განრიგის დილის სესიაში მეშვიდე ადგილისთვის მატჩში პორტუგალიას დაუპირისპირდა.
როგორც ავღნიშნეთ აზიელებს პროგრამა მინიმუმიც და მაქსიმუმიც უკვე შესრულებული ჰქონდათ და მე-7-8 ადგილებისთვის შეხვედრაში პორტუგალიის დამარცხება თავიანთი გულშემატკივრებისთვის დამატებითი საჩუქარი იქნებოდა.

მატჩის მიმდინარეობამ დაგვანახა, რომ პორტუგალია უფრო დაბალანსებული და გამოცდილი გუნდია, ხოლო იაპონელები მათთან ჭიდილში ფონს სწრაფი კონტრშეტევებით და მონდომებით თუ გავიდოდნენ. ამ კომპონენტით დაგვამახსოვრეს კიდეც თავი აზიელებმა ჩემპიონატის დღეებში. მხოლოდ ჟინით თამაში რომ მუდამ ვერ მოგაგებინეს ეს ყველამ ვიცით. იაპონელებიც მეტოქეს ტოლ-სწორად ოდენ პირველ ტაიმში ებრძოდნენ და მინიმალურად 13:14 წააგეს. მეორე ტაიმში კი გამოცდილებამ მაინც თავისი ქნა და პორტუგალიამ 34:26 იმარჯვა. საბოლოოდ პორტუგალიამ მსოფლიოს ჩემპიონატი მეშვიდე, ხოლო იაპონიამ მერვე ადგილზე გასვლით დაასრულეს.

საუკეთესო მოთამაშეებად ორივე გუნდიდან საუკეთესო მეგოლეები დასახელდნენ. იაპონელთაგან ასეთი რენოსუკე ტოკუდა იყო, პორტუგალიელთაგან კი დიეგო სილვა.

რიკარდო სანტოში, პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი:
„პორტუგალიაში ხელბურთის ბუმი ნამდვილად არ არის. ამ გადმოსახედიდან მეშვიდე ადგილი მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენთვის დადებით შედეგად უნდა შეფასდეს. გუშინ რუსეთთან მატჩი ჩაგვივარდა, მაგრამ დღეს ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც დაგეგმილი გვქონდა და საბოლოოდ მოვიგეთ. დარწმუნებული ვარ ეს მხოლოდ დასაწყისია და სამომავლოდ დიდი ტურნირებზე უკეთესად ვიასპარეზებთ“

ცუტომუ ტოკორო, იაპონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: რთული თამაშ იყო. ჩვენი მეტოქე გაცილებით გამოცდილი გუნდია და დამსახურებულად გაიმარჯვა“.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017