All for Joomla All for Webmasters

შვედეთის ნაკრები მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს

ჭაბუკთა მე-7 მსოფლიო ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. ბოლოსწინა სათამაშო დღე შვედეთის და იაპონიის ნაკრებთა დაპირისპირებით დაიწყო. სკანდინავიელებმა 34:28 დაამარცხეს მეტოქე და ხვალ, 20 აგვისტოს, მე-5 ადგილის დასაკავებლად პორტუგალიასა და რუსეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

დრამატულად წაგებული 1/4-ფინალის შემდეგ შვედებმა აქტიურად დაიწყეს მატჩი და მალევე დაეუფლნენ უპირატესობას. მეორე ტაიმის დასაწყისში ჯერი ალბაკის გაწვრთნილი შვედეთი კიდევ უფრო შთამბეჭდავად ათამაშდა, რის შემდეგაც მწვრთნელმა ძირითადი შემადგენლობის წევრები სათადარიგოებით ჩაანავლა. ანგარიშში თითქმის ათბურთიანი სხვაობა ამის საშუალებას ნამდვილად იძლეოდა.

მე-9 ნომერი, მარჯვენა გარემარბი მარკუს თორბიორნი და მე-17 ნომერი, მარჯვენა შუამარბი ოსკარ სანეფელდტი – შვედეთის ნაკრების უპირატესობა ამ ორი ხელბურთელის თავდაჯერებულმა თამაშმა განაპირობა. ორივე ექვს-ექვსი ბურთი შეაგდო, მეორე ტაიმის დიდი ნაწილი კი წყვილმა სათადარიგოთა შორის გაატარა. მათ არყოფნაში ძლიერად ითამაშა მე-8 ნომერმა, მარცხენა შუამარბმა ვიკტორ ჰედინმა, რომელმაც ხუთი გოლი მიითვალა. შვედეთის ნაკრების საუკეთესო მოთამაშედ კი მეკარე, პირველი ნომერი მანს ლანდგრენი დასახელდა, რომელმაც 1/4-ფინალში ხორვატებთან დიდებულად იასპარეზა…

იაპონიის ნაკრებიდან ოთხი გოლი სამმა მოთამაშემ გაიტანა: ტაკუმი სუეოკამ, ადამ იუკი ბაიგმა და ტალგა ცუტაიამ. საუკეთესოდ ბაიგი დასახელდა.

„ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა, რთულია ასეთ კარგ გუნდთან თამაში“, – განაცხადა იაპონელთა მთავარმა მწვრთნელმა ცუტომუ ტოკორომ, მისმა კოლეგამ კი თავისი გუნდი შეაქო: „მომეწონა ჩვენი გუნდის თამაში, ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და სასურველი ანგარიშით გაიმარჯვეს. მსოფლიო ჩემპიონატზე ერთი შეხვედრა დაგვრჩა და ვეცდებით მეხუთე ადგილი მოვიპოვოთ“.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017