All for Joomla All for Webmasters

საფრანგეთმა ნახევარფინალშიც წაივარჯიშა

ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი საფრანგეთის ნაკრები ფინალშია! გადამწყვეტ მატჩში ერიკ ქუენტინის ბიჭები ესპანეთს დაუპირისპირდებიან და ალბათ, სწორედ იმ მატჩში ვნახავთ ამ გუნდის რეალურ ძალას. ასე ვფიქრობდით დანიასთან ნახევარფინალურ დაპირისპირებამდეც, მაგრამ, უკაცრავად, ბრძოლა არ შედგა. ფრანგებისთვის ნახევარფინალიც ერთი ჩვეულებრივი შეხვედრა გამოდგა, ისეთი, როგორიც ჯგუფურ ეტაპზე ხუთი ითამშა და შემდეგ, მერვედფინალში და მეოთხედფინალში. საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრები მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონტზე ვისაც შეხვდა, ყველა უსიტყვოდ დაჯაბნა, ყველა ნაკრებზე ერთი თავით მაღლა იდგა.

დანიასთან ნახევარფინალი თავიდან თითქოს გვპირდებოდა დაძაბულ სანახაობას. სადღაც მე-15 წუთისთის ანგარიში თანაბარიც კი გახლდათ, მაგრამ ამის მერე ფრანგებმა აიწყვიტეს. მეტოქე ფრანგების გამჩერებელი აღარ იყო. ფრანგებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და სამბურთიანი სხვაობით იგებდნენ, თუმცა, როგორგ ვთქვით, ტაიმის შუაში დანიელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. მატჩის პირველი გოლი დანიელთა საუკეთესო ხელბურთელმა, ამ შეხვედრაშიც და ზოგადად, ემილ ლარკემ გაიტანა. სულ ამ ტანმაღალმა ინსაიდმა ფრანგებს 8 გოლი გაუტანა. მეტის საშუალება მეტოქის მცველებმა აღარ მისცეს.

საფრანგეთი შესვენებაზე 5-ბურთიანი ჰანდიკაპით გავიდა – 17:12. მოედანზე დაბრუნებულებმა კი რამდენიმე თავბრუდამხვევი შეტევა წამოიწყეს და უკვე მე-40 წუთისთვის სოლიდური, ცხრაბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ. აბა, ფრანგები ასეთი უპირატესობის ხელიდან გამშვებები იყვნენ?! ისინი დანიას სხვაობის შემცირების საშუალებას არ აძლევდნენ. ნელ-ნელა სკანდინავიელებიც შეეგუვნენ მარცხს. ბოლო ათი წუთი კი მოედანზე ფაქტობრივად არაფერი ხდებოდა, მხოლოდ ფრანგების ლამაზი გოლები გვჭრიდა თვალს… ერიკ ქუინტინის შეგირდთაგან ამ შეხვედრაში სპეციალურმა კომისიამ საუკეთესოდ გაელ ტრიბლონი მიიჩნია. მან დანიას 5 გოლი გაუტანა.

კლაუს ჰანსენი, დანიის ნაკრების მწვრთნელი: იმედგაცრუებული ვარ. მატჩი კარგად დავიწყეთ და ვფიქრობდი, რაც ჩაფიქრებული გვქონდა, ყველაფერი გამოგვივიდოდა. თუმცა ფრანგების წინააღმდეგ ვერაფერი განვაწყვეთ. საფრანგეთი ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. თანაც ბიჭები ნერვიულობდნენ და შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინეს.

ერიკ ქუინტინი, საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი: გახარებული ვარ. ჩვენ თამაშიდან თამაშამდე ვაუმჯობესებთ თამაშის ხარისხს და ვიმედოვნებ, ფინალში თავს კიდევ უკეთ წარმოვაჩენთ. ყველა ხელბურთემა ბოლომდე იბრძოლა და გამარჯვებაში მისი წვლილი შეიტანა. ფინალში კი კარგ სანახაობას გპირდებით.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017