All for Joomla All for Webmasters

რუსეთი მეხუთე, პორტუგალია კი მეშვიდე ადგილისთვის ითამაშებს

რუსეთის ნაკრებმა 33:26 სძლია პორტუგალიას და ხვალ, ჩემპიონატის დასკვნით დღეს, მე-5 ადგილის დასაკავებლად შვედეთს შეეცილება. შესაბამისად, პორტუგალია სკანდინავიელებთან ხელმოცარულ იაპონიას დაუპირისპირდება მე-7 ადგილისთვის მატჩში.

1/4-ფინალი რუსებმა დანიელებთან წააგეს ცხრა ბურთით, პორტუგალიელებმა კი ათი ბურთით დათმეს მსოფლიოს ჩემპიონატ საფრანგეთთან. დღევანდელი მატჩი პირენეელებმა უკეთ დაიწყეს, თუმცა პირველი ტაიმის შუაში რუსმა ჭაბუკებმა შეძლეს დაწინაურება და უპირატესობა აღარც დაუთმიათ. შეუდარებლად ითამაშა რუსეთის ნაკრების მე-11 ნომერმა სერგეი ნიკოლაენკოვმა, რომელმაც თორმეტი გოლი გაუტანა მეტოქეს. არანაკლებ ძლიერად იასპარეზა მისმა სეხნიამ სერგეი შალაბანოვმა – მან შვიდი ბურთი შეაგდო. ნიკოლაენკოვი სამართლიანად დასახელდა რუსეთის ნაკრების საუკეთესო მოთამაშედ. პორტუგალიელთა შორის ეს ჯილდო მე-15 ნომერმა დიოგო სილვამ მოიპოვა, რომელმაც ცხრა ბურთი გაუტანა რუსეთის ნაკრებს.

„მეტოქის დაცვა დღეს ჩინებული იყო, რუსებმა შესანიშნავად ითამაშეს, თუმცა ვთვლი, რომ წაგების მთავარი მიზეზი ფრანგებთან მატჩში უნდა ვეძიოთ – ჩვენ მათთან პაექრობას დიდი ძალები შევალიეთ და ამ თამაშისთვის მომზადება ვეღარ მოვახერხეთ“, – განაცხადა პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიკარდუ სანტუშმა. რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ნიკოლაი ჩიგარევის თანაშემწე ალექსეი სოლოვიოვი ერთი წინადადებით შემოიფარგლა: „თუ იგებ, ესე იგი, კარგად თამაშობ, ასე რომ, დღეს ჩვენ კარგად ვითამაშეთ“.

შეგახსენებთ: პორტუგალია ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატში პირველად მონაწილეობს, რუსეთისთვის კი ეს მესამე ფინალური ეტაპია.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017