All for Joomla All for Webmasters

ესპანეთის მეორე ფინალი

ჭაბუკთა მე-7 მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრებმა ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 26:24 დაამარცხა ხორვატიის ნაკრები და ფინალში გავიდა. ესპანელები მეორედ იასპარეზებენ გადამწყვეტ მატჩში. 2011 წელს, არგენტინაში, პირენეელები დანიელებთან დამარცხდნენ – 22:24.

ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო. სპორტსმენებმა, მწვრთნელებმა, ოფიციალურმა პირებმა და გულშემატკივრებმა პატივი მიაგეს ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. ესპანეთის ნაკრები, რომელმაც მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე გატეხა მეტოქე, ზედიზედ მეოთხედ გავიდა მსოფლიო პირველობის ნახევარფინალში. 2011 წელს მათ მოიგეს ეს ეტაპი, მაგრამ მომდევნო ორი, 2013 და 2015 წლებში, დათმეს. ისევე, როგორც იმ წლებში გამართული მესამე ადგილისთვის შეხვედრა…

პირველ ტაიმში ესპანელებმა 13:12 იმარჯვეს. საწყის ნახევარ საათში მეტოქეებმა დაცვაში უკეთ ითამაშეს, ვიდრე თავდასხმაში. ამაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ ყველაზე შედეგიან მოთამაშეებს მხოლოდ სამ-სამი ბურთი ჰქონდათ შეგდებული. ჩვენი მოსაზრების დასტურად კიდევ ერთ ფაქტს მოვიშველიებთ: ესპანელთა საუკეთესო მოთამაშედ მარჯვენა შუამარბი, მე-15 ნომერი ანტონიო სერადილია კუენკა დაასახელეს, რომელმაც გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ შეუდარებლად ითამაშა დაცვაში…

მეორე ნახევრის მე-15 წუთისთვის ესპანეთი ორი ბურთით იგებდა – 20:18, 22-ე წუთზე კი ხორვატებმა სამბურთიანი ჩამორჩენა ერთ გოლამდე შეამცირეს – 22:21, რასაც ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ალბერტო სუარეს მენენდესის წუთშესვენება მოჰყვა. შედეგი? პაუ ნავარო ბაშეშის ეფექტური გოლი – მან კარისკენ ზურგით მდგარმა გაიტანა და 23:21. 25-ე წუთისთვის ესპანეთი კვლავ ორი ბურთით დაწინაურდა – 24:22, უკანასკნელ წუთს კი, როცა სხვაობა უცვლელი იყო, ამჯერად ხორვატიის ნაკრების თავკაცმა ლუკა პანზამ აიღო წუთშესვენება. მის დარიგებას სასურველი შედეგი არ მოჰყოლია, „დამნაშავე“ კი ესპანელთა მეკარე, მე-12 ნომერი ადრიან ტორეს ერერაა – მან ზედიზედ ორი შეტევა მოიგერია! სამართლიანობისთვის ესპანელთა მეორე მეკარე, მე-16 ნომერი კილიან რამირეს სანტანაც უნდა ვახსენოთ: პირველ ტაიმში ის იცავდა გუნდის კარს და ძალიან საიმედოდ.

გამარჯვებულთა საუკეთესო მოთამაშეზე უკვე გითხარით, ყველაზე შედეგიანი კი 31-ე ნომერი გონსალო პერეს არსე გახდა ხუთი გოლით. ხორვატთა შორის ყველაზე შედეგიანი მე-7 ნომერი, ამდენივე ბურთის გამტანი დარიო რაგუზი გახლდათ. თანაგუნდელთაგან საუკეთესოს პრიზით სწორედ ის გამოარჩიეს. აქვე გეტყვით, რომ მომდევნო, მე-8 მსოფლიო ჩემპიონატს 2019 წელს რაგუზის სამშობლო უმასპინძლებს…

„1/4-ფინალში შვედებთან გამარჯვებას დიდი ძალა შევალიეთ და დღეს სწორედ ამიტომ დავმარცხდით, ძალა აღარ გვეყო… რთული თამაში იყო, ესპანეთს კარგი გუნდი ჰყავს და ახლა ისღა დამრჩენია მეტოქეს გამარჯვება მივულოცო“, – ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუკა პანზა გულდაწყვეტილი გახლდათ.

ესპანელთაგან თამაში მთავარი მწვრთნელის თანაშემწემ დანიელ სანჩეს ნიევესმა შეაფასა: „ძალიან გახარებულები ვართ! ფინალში გასვლა ჩვენთვის დიდი მიღწევაა! დიდი ხანი ვშრომობდით ამ გამარჯვებისთვის და გვიხარია, რომ შრომა დაგვიფასდა. დღევანდელ გამარჯვებას კი დაცვაში ბრწყინვალე თამაშის წყალობით მივაღწიეთ“!

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ხვალ, 20 აგვისტოს, ესპანეთის ნაკრები საფრანგეთ-დანიას შორის გამარჯვებულს შეხვდება. შეგახსენებთ: საფრანგეთი მოქმედი ჩემპიონია, დანიას კი ყველაზე მეტჯერ, სამჯერ მოუგია ეს ტურნირი.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017