All for Joomla All for Webmasters

ჯგუფი იყო, ზეგ ნახევარფინალია: დანია საფრანგეთის წინააღმდეგ

დანიის ნაკრები, რომელსაც საწყისი ორი ტურის შემდეგ მხოლოდ ქულა ჰქონდა, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია. კლაუს ჰანსენის გაწვრთნილმა გუნდმა იოლად, 37:28 დაამარცხა რუსეთი. საინტერესოა, რომ დანიელებმა ჯგუფური ეტაპი +3 ბურთით დაასრულეს, რუსეთმა კი +5-ით…

პირველი წუთიდან მატჩის დამთავრებამდე დანიელები ფლობდნენ უპირატესობას. ჰანსენის გუნდს კარგად დაწყებული საქმის სათანადოდ დაგვირგვინება არ გასჭირვებია. პირველი ტაიმი დანიამ ექვსი ბურთის სხვაობით, 21:15 მოიგო, შესვენების შემდეგ კი უფრო მსუბუქად ათამაშდა და კლასში სხვაობაც შთამბეჭდავი გახდა – 37:28.

გამარჯვებულთაგან აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ მე-7 ნომრის ემილ იაკობსენის ფენომენალური შედეგი – მან ცხრაჯერ ტყორცნა ბურთი და ყველა შემთხვევაში გოლი შეაგდო! ის სამართლიანად დასახელდა გუნდის საუკეთესო მოთამაშედ. შვიდი გოლი გაიტანა მე-3 ნომერმა ემილ ლაერკემ. რუსეთის ნაკრების საუკეთესო ხელბურთელად კი გუნდის ყველაზე შედეგიანი წევრი, რვა გოლის გამტანი ნიკიტა კამენევი დაასახელეს.

„მძიმე მერვედფინალის შემდეგ ძალების აღდგენა ვერ მოვასწარით. ჩვენი მარცხის მიზეზი სწორედ ესაა. წავაგეთ და ასეთ დროს დადებითი ნამდვილად არაფერია, თუმცა მთლიანობაში გუნდმა უფრო მაღალი ადგილი დაიკავა, ვიდრე ორი წლის წინ. ეს თუ ჩაითვლება წარმატებად“, – განაცხადა რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწემ ალექსეი სოლოვიოვმა.

„ძლიერი მეტოქე გვყავდა, რუსეთის ნაკრებმა მთელი ჩემპიონატის მანძილზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა… მეტოქე კარგად შევისწავლეთ და გამარჯვება არ გაგვიჭირდა. მინდა შევაქო ჩემი გუნდი, ბიჭებმა დღეს დიდებულად ითამაშეს“, – განაცხადა დანიელთა მთავარმა მწვრთნელმა კლაუს ჰანსენმა.

წინა მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგი ორივე გუნდმა გააუმჯობესა. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი დანია 2015 წელს რუსეთში მე-7 ადგილზე გავიდა, ტურნირის მასპინძელი მე-11 იყო. 19 აგვისტოს დანიის ნაკრები საფრანგეთს ამჯერად ნახევარფინალში შეხვდება. შეგახსენებთ, რომ მეტოქეებმა ჯგუფშიც ითამაშეს და მაშინ ფრანგებმა 35:26 გაიმარჯვეს. რაც შეეხება რუსეთის ნაკრებს, ეს გუნდი მე-5-8 ადგილებისთვის ნახევარფინალში ითამაშებს – მეტოქე პორტუგალია იქნება.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017