All for Joomla All for Webmasters

ფრანგული ცუნამი

ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი ხელბურთში ნელ-ნელა ეშხში შედის. მეცხრე სათამაშო დღის მთავარი მოვლენები საღამოს სესიაში იყო დაგეგმილი, როდესაც საქმეში უკვე მეოდხედფინალისტები ჩაერთვებოდნენ. ნებისმიერ სათამაშო სახეობაში ეს ის ეტაპია, სადაც სუსტი გუნდი არ არსებობს და მითუმეტეს შემთხვევით ვერავინ მოხვდება.

მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი მეოდხედფინალამდე რიხით მოვიდა და ეს არც იყო გასაკვირი. ფრანგები აკადემიურ და ლაღ ხელბურთს თამაშობენ. აშკარაა, რომ მოთამაშეებს მთავარი მწვრთნელის, ერიკ კუენტენის ხელი ეტყობათ. მათ ტურნირზე დღემდე 6 თამაში ისე მოიგეს ოდნავადაც კი არ დაუყენებიათ ეჭვქვეშ თუ იმ შეხვედრებში ვინ იქნებოდა გამარჯვებული. ამიტომაც არის, რომ სრულიად სამართლიანად განიხილებიან ჩემპიონობის მთავარ პრეტენდენტებად.

რაც შეეხებათ პორტუგალიელებს კლასით ფრანგებს ვერ გაუტოლდებიან, მაგრამ აქვთ სხვა დადებითი თვისებები, უპირველესად კი გუნდური თამაში. პლეიოფის პირველ რაუნდში ანუ მერვედფინალში ფრანგებს გაცილებით სუსტი მეტოქე ჰყავდათ ჩილეს სახით, ვიდრე პორტუგალიას, რომლებმაც კერკეტი კაკალი ტუნისი დაამარცხეს. იმას არ ვამბობთ, რომ პორტუგალია გადაღლილი იყო და ძალები აღარ ეყოო.

საფრანგეთის ნაკრები იმდენად ძლიერია, რომ რჩება შთაბეჭდილება ჯერ თავიანთი მაქსიმუმი არ გამოუვლენიათ და ნახევარფინალამდეც ნახევარი ძალით მივიდნენ.

პირველ ტაიმში თითქოს პორტუგალიელები ცდილობდნენ წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ ფრანგებმა მობილური დაცვით და კარგად ორგანიზებული შეტევებით მეტოქეს აგრძნობინეს, რომ ჩვენთან არაფერი გაგივათო. მატჩი ისე დაიწყო და დასრულდა ტაბლოზე პორტუგალიის სასარგებლო ანგარიში არცერთხელ დაფიქსირებულა. საფრანგეთმა პორტუგალიის ნაკრები ცუნამივით წალეკა და 10 ბურთიანი ჰანდიკაპით – 34:24 მოიგო.

ნახევარფინალში ფრანგთა მოწინააღმდეგე ხორვატიის სახით უდავოდ ამ ჩემპიონატის ერთ-ერთი სიმპატიური და მებრძოლი ნაკრები იქნება, რომლებმაც უდაძაბულეს და დრამატულ მატჩში შვედებს დამადებით დროში 27:25 აჯობეს.
პორტუგალიის ნაკრებიდან მატჩის საუკეთესოდ ვალტერ სოურესი (10) დასახელდა, ფრანგთაგან კი მეკარე ბასტიენ სოლიერი.

ერიკ კუენტენი, საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „მახარებს რომ გუნდი თამაშიდან თამაშამდე უმატებს და უკეთესად ირჯება. დღეს კი მოვიგეთ, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს. ჩვენ აქ საჩემპიონოდ ჩამოვედით, ამ მიზნამდე კი ორი მძიმე ბრძოლის გადატანაა საჭირო და ჩვენ ამისთის მზად უნდა ვიყოთ.“

რიკარდო სანტოში, პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან წავაგეთ. საფრანგეთის შემჩერებელი დღესდღეობით არავინ მეგულება, თუმცა ეს ჩვენს მარცხს ნამდვილად არ ამართლეს. ჩვენი სუსტი წერტილი დღეს შეტევა იყო და სამომავლოდ ამაზე ზრუნვა მოგვიწევს“

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017