All for Joomla All for Webmasters

მშვენიერი 15

თუ გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატში პოლონეთის მონაწილეობა გათამაშების დაწყებამდე რამდენიმე დღის ადრე გადაწყდა, მათ ნაჩვენებ შედეგს – მშვენიერი – შეგვიძლია ვუწოდოთ. ჩილეს დამარცხებით ევროპელებმა მსოფლიოს მე-15 გუნდის სტატუსი ირგუნეს. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე სათამაშოდ ვენესუელა უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ იქ განვითარებული სახალხო ვნებათაღელვის გამო გუნდმა ტურნირში მონაწილეობაზე უარი თქვა, მის ნაცვლად ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ პოლონეთს უხმო. მწვრთნელმა დარიუშ ტომაშევსკისაც სასრაფოდ მოუხდა გუნდის შეკრება და თბილისში გამომგზავრება… არც ამხანაგური მატჩები, არც საწვრთნელი შეკრება, ბიჭების სახლებიდან პირდაპირ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აღმოჩნდნენ.

ჩამოვიდნენ პოლონელები და პირველსავე ტურში არგენტინას მოუგეს დამაჯერებლად, მათ ბრაზილიელები მიაყოლეს. ჯგუფში მომდევნო მატჩები პოლონელებმა დათმეს, მაგრამ ის ორი მოგება ფლეი ოფში გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა. მერვედფინალი ფავორიტ ესპანეთთან დათმო ტომაშვსკის გუნდმა, დღეს კი მე-15 ადგილი მოიპოვა. მოიპოვა ისევ სამხრეთამერიკელების დამარცხებით. ჩილესთან პოლონელები პირველ ტაიმში 15:17 დამარცხდნენ, თუმცა შესვენების შემდეგ უფრო კარგად ათამაშდნენ და ჯერ 9:3 დაწინაურდნენ, ჯამში კი 33:30 მოიგეს. ეს ანგარიში მოედანზე ძალთა თანაფარდობას ნამდვილად არ ასახავს, პოლონელებს ერთი ამდენი სხვაობით გამარჯვებაც მართებდათ.

მატჩის საუკეთესოებად ტექნიკურმა კომისიამ ყველაზე მეტი გოლის გამტანები – პოლონელი პაველ დუდკოვსკი და მისი მეტოქე ბარერა დე ლა ბაუმანი დაასახელა. ორივე ხელბურთელმა 8-8 გოლი გაიტანა.

მიხალ სკორზკი, პოლონეთის ნაკრების მწვრთნელის თანაშემწე: გვსურდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო თამაში ჩვენს სასარგებლოდ დაგვემთავრებინა. წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ რთული იყო ყველაფერი თავიდან დაგვეწყო, მაგრამ მადლობა ბიჭებს რომ ბოლომდე იბრძოლეს და მოიგეს.

კლაუდიო ლირა, ჩილეს ნაკრების მწვრთნელი:შესვენებამდე და მეორე ტაიმის საწყისი ხუთი წუთი მართლაც კარგად ვითამაშეთ, მერე კი გუნდს დაღლა დაეტყო, სადავეები მეტოქეს დავუთმეთ, მათ კი საჩუქრით კარგად ისარგებლეს.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017