All for Joomla All for Webmasters

გერმანია: მეცხრე ადგილი მსოფლიოზე ევროპული ბრინჯაოს შემდეგ

ევროპის შარშანდელი ჩემპიონატის მესამეადგილოსანმა გერმანიის ნაკრებმა 37:26 დაამარცხა ისლანდია და ჭაბუკთა მე-7 მსოფლიო ჩემპიონატზე მეცხრე ადგილი დაიკავა. მეტოქეები B ჯგუფშიც ერთად იყვნენ. პირველადგილოსანი სწორედ მათ დაპირისპირებაში გაირკვა – მეხუთე ტურის მატჩი ისლანდიელებმა 28:27 მოიგეს.

შვედეთთან წაგებული 1/8-ფინალის შემდეგ ისლანდიის ნაკრებს აშკარად ეტყობოდა, რომ უმოტივაციოდ იყო. რაც შეეხება გერმანიის ნაკრებს, ფლეი-ოფის პირველ წრეში ისინი დანიელებთან დამარცხდნენ, მაგრამ ისლანდიასთან მაინც მოსაგებად გავიდნენ. სხვა თუ არაფერი, ჯგუფში წაგებული თამაშის გამო რევანში სურდათ.

იოჰან ბეპლერის გაწვრთნილმა გერმანიამ საწყის წუთებშივე ხელთ იგდო ინიციატივა და თამაშის ბოლომდე საკმაო უპირატესობით ლიდერობდა. გამარჯვებულებმა მეორე ტაიმში უფრო იძალეს, როცა ისლანდიელთა თავკაცმა ბიარნი ფრიცონმა სათადარიგო მოთამაშეებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება.

ლეონ მელერი – გერმანიის ნაკრების საუკეთესო ხელბურთელად მე-12 ნომრით მოთამაშე მეკარე დაასახელეს. ყველაზე შედეგიანები კი მე-14 ნომერი იანეკ კლაინი – ცხრა გოლი, და მე-13 ნომერი ელოი მორანტე მალდონადო (რვა გოლი) გახდნენ.

ისლანდიის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი გუნდის ერთპიროვნული ლიდერი, მე-14 ნომერი ტეიტურ ორნ ეინარსონი მოგვევლინა, რომელმაც ამჯერად ექვსი ბურთი გაიტანა. მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე და მრავალმხრივი მარჯვენა შუამარბი საქართველო 2017-ის ბომბარდირთა ლიდერია და დიდი შანსია ტიტულიც მოიპოვოს – მის ანგარიშზე 66 გოლია! საუკეთესოს პრიზი კი მე-6 ნომერს ბირგირ მარ ბირგისონს ერგო, რომელმაც ხუთი ბურთი შეაგდო.

„საშინლად ვითამაშეთ… ძალიან გაბრაზებული ვარ… მეკარის გარდა მხოლოდ სამმა ითამაშა კარგად… იმედგაცრუებული ვარ, ახლა მეტს ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა ბიარნი ფრიცონმა, მისი გერმანელი კოლეგა იოჰენ ბეპლერი კი ერთადერთი ფრაზით შემოიფარგლა: „დღეს ყველაფერი იდეალურად გავაკეთეთ“!

ისლანდიის ნაკრებმა წინა მსოფლიო ჩემპიონატის შედეგი გააუარესა – ორი წლის წინ კუნძულელები მესამე ადგილზე გავიდნენ. რაც შეეხება გერმანიას, 2015 წელს ბუნდესგუნდმა მე-17 ადგილი დაიკავა, ასე რომ, საქართველოში ნაჩვენები შედეგი წინსვლად შეიძლება ჩაითვალოს.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017