All for Joomla All for Webmasters

ბრწყინვალე მეოთხედფინალი: ხორვატიამ შვედეთს აჯობა

მსოფლიო ჩემპიონატების ოთხგზის პრიზიორმა ხორვატიის ნაკრებმა ძალიან დაძაბულ მეოთხედფინალში, ორი დამატებითი 5-წუთიანი ტაიმის შემდეგ, 27:25 დაამარცხა შვედეთის ნაკრები. ძირითადი დრო 23:23 დასრულდა, პირველი დამატებითი ტაიმი კი 24:24. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ჭაბუკთა მსოფლიოს მე-7 ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში!

ძირითადი დროის დასრულებამდე ლუკა პანზას გაწვრთნილი ხორვატიის ნაკრები სამი ბურთის სხვაობით იგებდა, მაგრამ მოახერხა და უპირატესობა გაანიავა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი გამოდგა უკანასკნელ წამებზე შვედების მეკარის მანს ლანდგრენის საიმედო თამაში და გუნდის ელვისებური თავდასხმა, რომელიც ზუსტი ტყორცნით დააგვირგვინა სკანდინავიელთა გამთამაშებელმა, მე-17 ნომერმა ოსკარ სანეფელდტმა. მან მატჩი ექვსი გოლით და შვედეთის ნაკრების საუკეთესო მოთამაშის სიმბოლური პრიზით დაასრულა…

პირველ დამატებით ხუთწუთეულში მეტოქეებმა თითო გოლი გაცვალეს, მეორე დამატებითის შუაში შვედებმა ხელსაყრელი შეტევა ვერ გამოიყენეს – ხორვატთა მეკარემ უკუაგდო ბურთი, კონტრიერიში კი ბალკანელებმა გოლად აქციეს. ამას შვედების კიდევ ერთი გაფუჭებული იერიში მოჰყვა და ნახევარფინალისტიც გამოვლინდა. ხორვატიის ნაკრების ყველაზე შედეგიანი მოთამაშეები მე-5 ნომერი, მარჯვენა შუამარბი ივან მარტინოვიჩი და მე-15 ნომერი, მარცხენა გარემარბი ჰალილ იაგანიაცი გახდნენ შვიდ-შვიდი გოლით. ტექნიკურმა კომისიამ ხორვატიის ნაკრებიდან მარტინოვიჩი გამოარჩია…

ძირითადი დროის პირველი ტაიმი შვედებმა მოიგეს 12:9. სკანდინავიელებმა ორბურთიანი უპირატესობა 25-ე წუთზე მოიპოვეს და შესვენებამდე შეინარჩუნეს. მეორე ტაიმის საწყისი ხუთი წუთი ხორვატებმა დიდებულად ჩაატარეს, ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს და 14:12 დაწინაურდნენ. ჯერი ალბაკის გაწვრთნილმა შვედეთმა მეორე ტაიმში პირველი გოლი მხოლოდ მე-7 წუთზე შეაგდო…

45-ე წუთზე ანგარიში 17:15 იყო ხორვატთა სასარგებლოდ, მე-50 წუთზე ისევ ისინი იგებდნენ – 19:17, 55-ე წუთისთვის ბალკანელთა უპირატესობა არ გაზრდილა, თუმცა არც შემცირებულა – 22:20, ხოლო ძირითადი დროის უკანასკნელ წამებზე რაც მოხდა, ამის შესახებ უკვე წაიკითხეთ.

„წაგების გამო ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. ვთვლი, რომ მეორე ტაიმის საწყის წუთებში ცუდი თამაში რომ არა, მეტოქე ვერ მოგვიგებდა. შესვენების შემდეგ საშინლად ვითამაშეთ და ამის გამო წავაგეთ… მთლიანობაში ვთვლი, რომ ბიჭებმა კარგად ითამაშეს, განსაკუთრებით მეორე ტაიმის მიწურულს… იმედია დღევანდელი მარცხი კარგად დაამახსოვრდებათ და მომავალში აუცილებლად გაითვალისწინებენ, რომ ბოლო წამამდე უნდა იბრძოლონ“, – განაცხადა შვედეთის ნაკრების თავკაცმა ჯერი ალბაკმა.

„ძალიან კარგი თამაში გამოვიდა, ჩემმა გუნდმა დიდებულად ითამაშა და უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ნახევარფინალში გავედით. პირველ ტაიმში აშკარად ვერ ვითამაშეთ კარგად, ბევრი შეცდომა დავუშვით, თუმცა შესვენებისას ტაქტიკა შევცვალეთ, ბიჭებმაც მეტი ყურადღებით დაიწყეს თამაში და სასურველი შედეგიც მივიღეთ. რომ არა უკანასკნელ წამებში მცირე მოდუნება, მეტოქეს ძირითად დროშივე მოვუგებდით“, – ხორვატიის ნაკრების დამრიგებელი ლუკა პანზა.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017