All for Joomla All for Webmasters

არგენტინა 21

არგენტინის ნაკრებმა, რომელსაც თბილისში მრავალრიცხოვანი და ფრიად ხმაურიანი ტორსიდა ახლავს, ტურნირზე პირველი მატჩი მოიგო და საბოლოო ცხრილში 21-ე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება ბაჰრეინს, ამ გუნდს აქტივში ერთი გამარჯვება არგენტინასთან შეხვედრამდეც ჰქონდა – მათ პირველსავე ტურში სენსაციურად, ახლა უკვე ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტ დანიას სძლიეს. თანაც დაცვით გამორჩეულ სკანდინავიელებს 35 გოლი მიართვეს.

ბაჰრეინი გუშინაც ახლოს იყო გამარჯვებასთან, მაგრამ არგენტინელებმა მეორე ტაიმის მეორე ნახევარში აჯობეს. ბაჰრეინს სამხრეთამერიკელებთან ორჯერ გაუძევეს მოედნიდან ორ-ორი წუთით ხელბურთელი და არგენტინამ ორჯერვე რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა. პირველად ეს მეორე ტაიმის დასაწყისში მოხდა, როცა არგენტინამ ორბურთიანი უპირატესობა გააბათილა და მერე წინაც გაიჭრა; მეორედ კი მატჩის ბოლოსკენ შეძლო ალბისელესტემ ასევე ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფვრა.

ამ დროს მოედნიდან გაძევებული გახლდათ ბაჰრეინელთა საუკეთესო მოთამაშე აჰმედ ფადული. აი, ეს ორწუთიანი მონაკვეთი გამოდგა კიდეც მატჩში საბედისწერო.ბაჰრეინს უმცირესობაში თამაში არ სცოდნია. ბაჰრეინი მატჩის დამთავრებამდე წუთნახევრით ადრე ორბურთიანი სხვაობით აგებდა. მსაჯმა მათ შეხვედრის გადარჩენის შანსი მისცა და არგენტინელთა კარისკენ პენალტი დანიშნა.

ფადულიმ დაარტყა, მაგრამ ბედის ირონიით სწორედ ეგ პენალტი გაუცუდდა. ბაჰრეინმა რამდენიმე წამში სხვაობა მაინც შეამცირა, მაგრამ გასატანაბრებლად დრო აღარ დარჩენოდა და გუნდი 22-ე ადგილს დასჯერდა. ასე გაიხარა არგენტრინის ნაკრებმა და სამხრეთამერიკელთა მრავალრიცხოვანმა ტორსიდამ.

ალი რადი, ბაჰრეინის ნაკრების მწვრთნელი: დღეს ბევრი გამოუცდელი ხელბურთელი ვათამაშეთ, მათ თავის გამოჩენის შანსი მივეცით. სუსტად ვითამაშეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით და წავაგეთ, რაც სამომავლოდ ჩვენთვის კარგი მაგალითი იქნება.

მარტინ არაკაკი, არგენტინის ნაკრების გამთამაშებელი: აქამდე ბაჰრეინს ჩვენთვის ორი მატჩი ჰქონდა მოგებული და დღეს, ერთგვარად პრინციპული ხასიათის თამაში იყო. კარგად ვიდექით დაცვაში, მეტოქეს მჭდროდ ვმეურვეობდით და თავდასხმაშიც ეფექტურად ვითამაშეთ. მიხარია, რომ ბაჰრეინი დავამარცხეთ.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017