All for Joomla All for Webmasters

ხორვატია ფინალისკენ მიიწევს

ხორვატებმა წინა მსოფლიო პირველობის ვიცე-ჩემპიონი სლოვენია დაძაბულ ბრძოლაში გატეხეს – 29:25. პირველი 1/4-ფინალური წყვილებიც დადგინდა: ამ გამარჯვების შემდეგ ხორვატები შვედებს დაუპირისპირდებიან, მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი კი პორტუგალიას შეხვდება.

ხორვატებმა ძალიან დაძაბული თამაში მოიგეს. ლუკა პანზას გუნდმა პირველ ტაიმში 17:14 კი იმარჯვა, მაგრამ შესვენების შემდეგ პირველი ბურთის გასატანად არც მეტი, არც ნაკლები, რვა წუთი დასჭირდა. იმავე პერიოდში მეტოქემ ოთხი ბურთი შეაგდო და ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხა – 18:18. იანეზ კლემენჩიჩის გუნდს დაწინაურებაც შეეძლო, თუმცა ზედიზედ ორი შეტევა ვერ გამოიყენა.

მეორე ნახევრის საწყისი წუთების შემდეგ ხორვატებმა ნელ-ნელა გამოასწორეს თამაში და როგორც პირველ ტაიმში, მეტწილად ორი-სამი გოლით ლიდერობდნენ. მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა ხორვატთა მე-5 ნომერმა იან მარტინოვიჩმა და მე-15 ნომერმა ჰალილ იაგანიაცმა. მარტინოვიჩმა შეხვედრა თერთმეტი გოლით დაასრულა და ტექნიკურმა კომისიამაც საუკეთესო მოთამაშის პრიზი მას სამართლიანად გადასცა. რაც შეეხება სლოვენიელთა შორის გამორჩეულს, ასეთად 99-ე ნომრით მოთამაშე მეკარე გასპერ დობაი დაასახელეს.

„ფიზიკურად კარგად გამოვიყურებოდით, ბოლო წუთებამდე მაღალ ტემპში ვითამაშეთ, მაგრამ მომენტებში უაზროდ ვკარგავდით ბურთს, ერთფეროვნად ვუტევდით და ამიტომაც წავაგეთ. უკეთ უნდა გვეთამაშა, თუმცა ახლა გვიანია. სამწუხაროა, რომ ოქროს მედლებისთვის ბრძოლას ამ ეტაპზე გამოვეთიშეთ“, – განაცხადა სლოვენიელთა თავკაცმა იანეზ კლემენჩიჩმა.

„სწრაფი, დაძაბული თამაში იყო და მიხარია, ასეთი რთული შეხვედრა რომ მოვიგეთ. თუ მეორე ტაიმის საწყის წუთებს არ ჩავთვლით, ყველაფერი მშვენივრად გამოგვივიდა: დაცვაც და თავდასხმაც“, – ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუკა პანზა.

ცნობისათვის: ხორვატიას ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი, ოთხი მედალი აქვს მოგებული. 2009 წელს გუნდი ჩემპიონი გახდა, 2007 და 2013 წლებში ფინალში ითამაშა, 2005 წელს ყატარში გამართული პირველი ჩემპიონატი კი მესამე ადგილზე დაასრულა. სამი მედალი აქვს ლუკა პანზას გუნდის მომდევნო მეტოქე შვედეთსაც, იმ განსხვავებით, რომ სკანდინავიელები ყველა შემთხვევაში ბრინჯაოს დაეუფლნენ.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017