All for Joomla All for Webmasters

შვედური სიურპრიზი: მეოთხეადგილოსანი მეოთხედფინალშია

შვედეთი-ისლანდიის 1/8-ფინალური შეხვედრა ამ ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში გამოდგა. ჯერი ალბაკის გაწვრთნილმა შვედეთის ნაკრებმა ისლანდიას 31:25 მოუგო, რაც, გულახდილად რომ ვთქვათ, მოულოდნელობაა. ჯგუფურ ტურნირში თამაშის ხარისხს რომ თავი დავანებოთ, ისლანდიამ B ჯგუფი მოიგო, შვედებმა კი ფლეი-ოფში თამაში უკანასკნელ ტურში, ბაჰრეინთან გამარჯვების შემდეგ გაინაღდეს.

როგორც ჩანს, შვედეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ძალიან კარგად შეისწავლა მეტოქე. გამარჯვებულებმა ისლანდიის ნაკრების ყველა მოთამაშე შეაჩერეს გუნდის ლიდერის, მარჯვენა შუამარბის, ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის და ერთ-ერთი საუკეთესო ხელბურთელის ტეიტურ ორნ ეინარსონის გარდა. კუნძულელთა მე-14 ნომრის ძალისხმევამ გუნდს ვერ უშველა. ის ფაქტი, რომ მის გარდა მხოლოდ ორმა ისლანდიელმა გაიტანა ერთზე მეტი გოლი, თან მხოლოდ ორი, ბევრ რამეზე მეტყველებს და ისლანდიის ნაკრების წაგების ასახსნელადაც გამოდგება. ეინარსონმა, რომელმაც ჯგუფური ტურნირი 46 ზუსტი დარტყმით დაასრულა, 14 გოლი გაუტანა შვედებს. ერთ მატჩში ამაზე მეტი გოლის გატანა მიმდინარე ჩემპიონატზე მხოლოდ ბაჰრეინელმა აჰმედ ფადულმა მოახერხა – 15. გასაკვირი სულაც არაა, რომ ეინარსონი ისლანდიის ნაკრების საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, სხვათა შორის ამ პირველობაზე მესამედ…

შვედეთის ნაკრებიდან ოთხი მოთამაშე უნდა გამოვარჩიოთ: მე-17 ნომერი ოსკარ სანეფელდტი – მან ყველაზე მეტი, რვა გოლი გაიტანა და საუკეთესო გახლდათ თანაგუნდელთაგან; მე-9 ნომერი, მარჯვენა გარემარბი მარკუს თორბიორნი, შვიდი გოლის ავტორი და ორი მეკარე: გუსტაფ ბანკე და ერიკ ჰვენფელტი. პირველმა უამრავჯერ გადაარჩინა გუნდი, მისმა შემცვლელმა კი ბოლო წუთებში ოთხჯერ არ გაატანინა მეტოქეს.

„ძალიან რთული შეხვედრა გვქონდა… ჩემი გუნდის თამაშს დადებითად შევაფასებ. რა თქმა უნდა, ნაკლიც გვქონდა, თუმცა მთავარია, რომ გავიმარჯვეთ და 1/4-ფინალში გავედით. ბიჭებმა თავდადებით იბრძოლეს, განსაკუთრებით დაცვაში, რამაც განაპირობა კიდეც ჩვენი გამარჯვება“, – განაცხადა შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯერი ალბაკმა. მისი კოლეგა ბიარნი ფრიცონი ორი სიტყვით შემოიფარგლა: „ცუდად, ძალიან ცუდად ვითამაშეთ“.

შვედეთის ნაკრები, რომელმაც 2007, 2009 და 2011 წლებში ზედიზედ სამჯერ დაიკავა მესამე ადგილი, 1/4-ფინალურ შეხვედრას ხვალ გამართავს. მეტოქე ხორვატია-სლოვენიის მატჩში გამოვლინდება.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017