All for Joomla All for Webmasters

რუსეთმა შესვენებაზე მაგრად იმუშავა

ტანმორჩილმა, თუმცა კი ვერცხლისწყალივით მოძრავი სამხრეთკორეელმა ახალგაზრდებმა ტურნირის დაწყებისთანავე დაიმსახურეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში თამაშებზე დამსწრე ქომაგების სიმპათია. რუსებთან მატჩისას მთელი დარბაზი სწორედ მათი მხარდამჭერი იყო, მაგრამ რად გინდა…

შეუპოვარმა რუსებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენეს. სადღაც მე-18 წუთისთვის ტაბლოზე ანგარიში 10:10 ციმციმებდა, აი, ამის შემდეგ კი კორეელებმა თითქოს მეორე სიჩქარე ჩართესო, მეტოქეს გაშმაგებით შეუტიეს და ზედიზედ 5 უპასუხო გოლი მიართვეს. კორეელები 15:10 დაწინაურდნენ. რუსების მწვრთნელი ნიკოლაი ჩიგარევი, ვიდრე ანგარიში თანაბარი იყო, წყნარად ადევნებდა თვალს მატჩს, კორეელთა „გაქცევისას“ კი სკამზე დასამბელი გახდა.

არადა ჩიგარევი ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციისგან უსაქციელობისთვის ისეც დისკავიფიცირებულია და უკვე მეორე თამაშია მისი გუნდს მხოლოდ ტრიბუნდან უცქერს. ტაიმი 18:13 დამთავრდა კორეელთა სასარგებლოდ, ჩიგარევმა კი მკვირცხლ გასახდელს მიაშურა… რა უთხრა შეგირდებს ვერ გეტყვით, ასეთი რა შეუფუცხუნა, თუმცა ფაქტია, შესვენების შემდეგ მოედანზე სხვა რუსეთი ვნახეთ. პირველი ტაიმის ანგარიში 18:14 მალევე რუსების სასარგებლო 23:22 შეიცვალა. შემდეგ თამაში ქულა ქულაში გაგრძელდა.

რუსების ინსაიდი სერგეი კოსოროტოვმა საერთო ფურორი მოახდინა, გოლზე გოლზე გაჰქონდა. კაცი არ იყო მისი შემჩერებელი. საბოლოოდ სწორედ მან მთელი გუნდის მონაგარი ლამის ნახევარი – 15 გოლი გაიტანა და დიდწილად განაპირობა კიდეც მისი გუნდის გამარჯვება. გამარჯვების გოლიც მისი იყო – ბოლო წუთზე დახლოებით ათი მეტრიდან აუღებლად დაარტყა, საპირისპირო კარის ხაზზე კი ბრწყინვალედ ითამაშა მეკარე მაქსიმ პოპოვმა, ვინც დაუბევა კიდეც საბოლოო გამარჯვება რუსეთის ნაკრებს – 32:31.

მოკლედ, რუსეთმა სრულიად დამსახურებულად შეღო მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალის კარი, სადაც უკვე დანიის წინააღმდეგობის დაძლევას შეეცდება. თვალსასეირო თამაში უნდა გამოვიდეს.

ნამატჩევს კორეის ნაკრების მწვრთნელი ინ იკ იანგი იმდენად მირწამხდარი იყო, კომენტარისთვის ვეღარ შევაწუხეთ, ხოლო რუსების მწვრთნელის თანაშემწეალექსეი სოლოვიოვმა ეს გვითხრა: ურთულესი თამაში იყო. ჩვენი წარმატება გუნდურმა თამაშმა განაპირობა. პირველ ტაიმში ბიჭების ნერვიულობდნენ, შესვენების შემდეგ კი რწმენა და თავდაჯერება მიეცათ, მათზე ფსიქოლოგიურად ვიმუშავეთ, რამაც ასეთი შედეგი მოგვცა.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017