All for Joomla All for Webmasters

ლარკემ რა ჰქმნა…

სენსაცია არა, მაგრამ გვარიანი მოულოდნელობა კი მოხდა. გერმანიამ, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი შთამბეჭდავად დაიწყო და სამართლიანად მოიხსენიებდნენ ფავორიტთა შორის, ვერაფერი მოუხერხა დანიის ნაკრებს, უფრო სწორად მათ ტანმაღალ ინსაიდ ემილ ლარკეს, ვისი თითქმის ყველა დარტყმული ზუსტი იყო. ჯამში ლარკეს 12 გოლი მოუგროვდა, ეს კი ასეთი რანგის მატჩებში საუცხოო მაჩვენებელია. დანიელები შეტევისას ბევრს მოძრაობდნენ, ბოლოს კი ბურთს სისწრაფეაკრეფილ ლარკეს უგდებდნენ, ვისი დარტყმულებიც ცხრიანს არ ცდებოდა. დანიელთა ამგვარი კომბინაციები მარტივი, მაგრამ ეფექტური იყო. ლარკე და კიდევ დანიელთა მეკარე ვიქტორ ბანგი ყოჩაღობდა, მაგნიტივით რომ იზიდავდა ნებისმიერი მანძილიდან გერმანელთა დარტყმულებს.

არადა, შეხვედრა გერმანელთა უპირატესობით დაიწყო. ისინი 2:0 დაწინაურდნენ, დანიელებს საწყის 3-4 წუთში ბურთი ხეირიანად არც დაურტყამთ. მერე თამაში აირია და დანიაც გამოფხიზლდა. სწორედ ამ დროს დაიწყო ლარკეს ჩინებული სერია. ტაიმის ბოლომდე თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა, ტაიმი კი დანიელთა სასარგებლოდ 12:11 მორჩა.

შესვენების შემდეგ კი დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო. 5-წუთიანი მონაკვეთი დანიამ 6:0 მოიგო, გერმანელები შოკში იყვნენ. შესვენების შემდეგ პირველი გოლი მათ მე-8 წუთზე გაიტანეს. დანია 19:12 გახლდათ დაწინაურებული. გერმანელთა მწვრთნელმა იოხან ბეპლერმა ტაიმ-აუტი აიღო, მისი გუნდი კი ზონურიდან პერსონალურ დაცვაზე გადაეწყო. ტაქტიკურმა ცვლილებამ თავიდან თითქოს გაამართლა, გერმანიამ ერთბაშად სამი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს, თუმცა სულ ეს იყო, მხოლოდ სხვაობა შემცირდა. ამის შემდეგაც გერმანიამ ერთ-ორჯერ ზედიზედ კი გაიტანა გოლები, მაგრამ ეს უფრო გაბრძოლებას ჰგავდა, დანიას კარგად სცოდნია უპირატესობის შენარჩუნება – 28:24. სკანდინავიელებმა, რომლებმაც ჯგუფურ ეტაპზე მთლად დალაგებული თამაში ვერ აჩვენეს, აგერ, გერმანელები უსიტყვოდ დაამარცხეს და მეოთხედფინალურ მეტოქეს სამხრეთ კორეა – რუსეთის წყვილიდან დაელოდება.

იოხან ბეპლერი, გერმანიის ნაკრების მწვრთნელი: სათქმელი ბევრი არაფერი მაქვს. დანიამ ღირსეულად გაიმარჯვა, რასაც ვულოცავ კიდეც.

კლაუს ნანსენი, დანიის ნაკრების მწვრთნელი: ვფიქრობ, საკმაოდ ძლიერი გუნდის წინააღმდეგ დალაგებული ხელბურთი ვითამაშეთ. მიხარია და ვამაყობ ჩემი გუნდით.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017