All for Joomla All for Webmasters

იაპონური სასწაული

ეჭვი გვეპარება მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე იაპონიას ან ეგვიპტეს შორსმიმავალი გეგმები ჰქონოდათ. განსაკუთრებული სახელბურთო ტრადიციებით არცერთი ქვეყანა გამოირჩევა, მაგრამ სპორტის ეს სახეობა მსოფლიოში იმდენად პოპულარულია, რომ თამაშს ყველა სწავლობს ან უკვე სათანადოდ გაიწაფა და რაღაც დონეზე პრეტენზიასაც აცხადებს.
ცხადია, ეგვიპტე-იაპონიის წყვილიდან მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულზე არავინ ფიქრობს, მაგრამ ის ფაქტი, რომ პლანეტის საუკეთესო 8 ნაკრებში ხვდები სასიამოვნო შეგრძნებასთან ერთად პრესტიჟულიცაა.
შესავალი გაგვიგრძელდა და მატჩის პერიპეტიებზე არაფერი გვითქვამს. აზიურ-აფრიკულ მერვედფინალზე, რომლის ფავორიტადაც ქაღალდზე ეგვიპტე კი მოიაზრებოდა, მაგრამ იაპონელებიც რომ უბრძოლველად არაფერს დათმობდნენ ორჯერ ორი ოთხი იყო.
პირველი ნახევარი ეგვიპტემ 14:10 მოიგო, თუმცა ანგარიშში ეს კომფორტული უპირატესობა მათ მხოლოდ ბოლო 5 წუთში შეიქმნეს. მანამდე სულაც მარცხდებოდნენ და მათთვის საქმეს ისიც ართულებდა, რომ 19-ე წუთზე 69-ე ნომერი გალალ აიმანი გაუძევეს. ხელბურთში ზოგადად წითელი ბარათი იშვიათი მოვლენაა, მაგრამ ეგვიპტელთა 69-ე ნომერმა იმდენი მოახერხა, მატჩის არგენტინელ არბიტრებს გასახდელისკენ მიათთებინა.
ეგვიპტელები თითქოს ფსიქოლოგიურად უნდა დათრგუნულიყვნენ, მაგრამ მოხდა პირიქით. ისინი უფრო შემართებით და მობილიზებულად ათამაშდნენ და ტაიმის ბოლო მონაკვეთში მეტოქეს ხუთი ბურთით გაექცნენ.
მეორე ნახევარში ეგვიპტემ მეტოქის რბევა იმავე სტილში განაგრძო, როგორც ამას პირველი ნახევრის 25-ე წუთიდან აკეთებდა და ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ იაპონელებს მარცხისგან სასწაულიღა თუ იხსნიდა.
და ამ სასწაულის მოხდენა ამომავალი მზის შვილებმა შეძლეს. მაშინ, როდესაც ეგვიპტელები მეტოქეს 23:16 ამარცხებდნენ იაპონური მანქანაც სწორედ მაშინ ჩაირთო და აფრიკელებს სულ ბდღვირი ადინეს. იაპონელებმა ეგვიპტელებს 8 უპასუხო გოლი გაუტანეს ისე რომ საკუთარში ერთიც არ მიუღიათ და აფრიკელების 7 ბურთიანი ჰანდიკაპისგან აღარაფერი დარჩა.
60 წუთის გასვლის შემდეგ ტაბლოზე 31:30 ციმციმებდა იაპონელების სასარგებლოდ და მათ სიხარულსაც საზღვარი არ ჰქონდა.
იაპონელთაგან საუკეთესო რენოსუკე ტოკუდა გახდა, რომლის ანგარიშზეც 9 გატანილი გოლია, ხოლო ეგვიპტელთაგან ნომერი 16 აბდელჰრამ ტაჰა.
მეოთხედფინალში იაპონია ესპანეთი-პოლონეთის წყვილს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017