All for Joomla All for Webmasters

ესპანეთის დაგეგმილი გამარჯვება

ესპანეთის ნაკრები პლეიოფში აუღელვებლად, ხუთიდან ხუთივე მოგებით და შესაბამისად პირველი ადგილით გავიდა, პოლონეთმა კი იწვალა და ბოლოსღა შეახტა მერვედფინალისკენ მიმავალ მატარებელს. წყვილის ფავორიტებიც პირენეელები იყვნენ და სპეციალისტებიც უსათუო გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ.
შეხვედრა ესპანეთის გუნდმა აქტიურად დაიწყო და ანგარიშშიც მალევე დაწინაურდა, თუმცა პოლონეთმა ფხა გამოაჩინა და მეტოქეს აგრძნობინა, რომ უბრძოლველად დანებებას არ აპირებდა. 21-ე წუთამდე პოლონელები მოწინააღმდეგეს მედგარ წინაარმდეგობას უწევდნენ და რამდენჯერმე დაწინაურებაც შეძლეს, თუმცა ესპანელთა დამრიგებელმა ალბერტო სუარესმა დროული წუთშესვენებები აიღო, მოთამაშეები დაამშვიდა, შეუძახა, ტაქტიკურად გადააწყო და შედეგმაც არ დააყოვნა – შესვენებაზე მისი გუნდი ოთხბურთიანი უპირატესობით გავიდა – 15:11.
ესპანელებმა ეს სხვაობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს და 27:23 გაიმარჯვეს. მერვედფინალში მათი მეტოქე იაპონია იქნება და აზიელთა დღევანდელ გასაოცარ ქამბექს თუ გავითვალისწინებთ ლამაზი და საინტერესო მატჩი უნდა გამოდგეს.
„თავიდანვე შეგუებულნი ვიყავით, რომ რთული მატჩი გველოდა. ჩვენთვის ესპანელების დამარცხება ბევრის მანიშნებელი იქნებოდა, თუმცა სამწუხაროდ დავმარცხდით, რადგან ძლიერი მექტოსის ძლევისთვის საკმარისი ძალები არ აღმოგვაჩნდა“ – აღნიშნა პოლონელთა ერთ-ერთმა მწვრთნელმა მიხალ სკორსკიმ.
„პლეიოფში უკვე იოლი გასეირნება აღარ არსებობს. თავისთავად მოხარულნი ვართ შედეგით და დარწმუნებული ვარ ამაზე არ შევჩერდებით“ – ეს უკვე ესპანელთა მწვრთნელის ალბერტო სუარესის სიტყვებია.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017