All for Joomla All for Webmasters

ბაჰრეინის რთული გამარჯვება ჩემპიონატის რეკორდით

16 აგვისტოს ჭაბუკთა მე-7 მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღე ფლეი-აუთის მატჩებით დაიწყო. შეგახსენებთ: 21-24 ადგილებისთვის ჯგუფებში მე-6 ადგილზე გასული გუნდები თამაშობენ. 09:30 საათზე ოლიმპიური სასახლის მთავარ დარბაზში ბაჰრეინის ნაკრებმა ამ ჩემპიონატის ყველაზე სუსტი გუნდი ალჟირი, 7-მეტრიანი საჯარიმო დარტყმების შემდეგ, 42:40 დაამარცხა. ძირითადი დრო ფრედ 37:37 დასრულდა.

ბაჰრეინმა A, ხოლო ალჟირმა B ჯგუფში დაიკავა ბოლო, მეექვსე ადგილი. ორივემ თითო მატჩი მოიგო – ბაჰრეინმა ჩემპიონატის ერთ-ერთი სენსაცია გამოაცხო, როცა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს დანიას სძლია, ალჟირმა კი დაძაბულ ბრძოლაში აჯობა საქართველოს ნაკრების მძლეველ ჩილეს. აქვე გეტყვით, რომ ორივე გუნდი ჯგუფურ ტურნირში დაცვაში ძალიან ცუდი, არასაიმედო თამაშით გამოირჩა – ბაჰრეინმა ჩემპიონატის მონაწილე 24 ნაკრებიდან ყველაზე მეტი, 177 გოლი გაუშვა, ალჟირმა კი 163 (ამდენივე გაშვებული გოლით დაგვამახსოვრა თავი C ჯგუფის მაჩანჩალა არგენტინამ).

ალი რადის გაწვრთნილმა ბაჰრეინის ნაკრებმა, რომელიც აზიის ჩემპიონი გახლავთ, პირველი ტაიმი 24:19 მოიგო. საწყისი ნახევარი საათიდან რამდენიმე მომენტს გამოვარჩევთ: ბაჰრეინელებმა თავიდანვე ხელთ იგდეს უპირატესობა, ალჟირმა კი პირველად და ერთადერთხელ მე-14 წუთზე გაათაბარა ანგარიში – 10:10. ამას ბაჰრეინის წუთშესვენება მოჰყვა, რის შემდეგაც ამ გუნდის უპირატესობა მხოლოდ იზრდებოდა. წუთშესვენებიდან ზუსტად სამოც წამში ბაჰრეინი 13:10-ს იგებდა, 25-ე წუთზე ანგარიში 21:16 იყო, კიდევ ერთ წუთში – 22:16, 28-ე წუთზე კი ბაჰრეინი პირველად დაწინაურდა შვიდი გოლით – 24:17. ბოლოს ალჟირმა გაიბრძოლა და ორი ბურთით შეამცირა სხვაობა. აზიელთა მე-18 ნომერმა, მარჯვენა გარემარბმა აჰმედ ფადულმა შესვენებამდე ათი გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმი აბდელქრიმ ბეშქურის გაწვრთნილი ალჟირის ნაკრების უპირატესობით დაიწყო და დასრულდა კიდეც. ტაიმი ძალიან კარგად ჩაატარეს მე-11 ნომერმა ისამ გასმიმ (ის ალჟირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა) და 77-ე ნომერმა აბდელ მალექ ფოდილმა. პირველმა ცხრა, ხოლო მეორემ რვა ბურთი გაუტანა ბაჰრეინელთა მეკარეს. 48-ე წუთზე პირველად გათანაბრდა ანგარიში – 30:30, 52-ე წუთზე 33:33 იყო, ხოლო საფინალო სასტვენამდე ათი წამით ადრე 37:37. უკანასკნელი შეტევა ბაჰრეინისა იყო, თუმცა აზიელებმა ალჟირელთა მეკარეს ვერ აჯობეს. 7-მეტრიანების სერიაში კი ბაჰრეინელთა კარის დარაჯმა პირველივე დარტყმა უკუაგდო, რამაც გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი – 42:40.

ბაჰრეინის საუკეთესო მოთამაშედ მატჩის გმირი აჰმედ ფადული დაასახელეს. პირველ ტაიმში შეგდებულ ათ გოლს მან ექვსი მიუმატა და მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. კიდევ ერთი იმიტომ, რომ პირველ ტაიმში გატანილი ათი გოლიც რეკორდია.

21-ე ადგილისთვის შეხვედრაში ბაჰრეინის ნაკრები არგენტინას დაუპირისპირდება. ეს თამაში ხვალ, 17 აგვისტოს გაიმართება. სამხრეთამერიკელებმა ალექსანდრე ანპილოგოვის სახელობის დარბაზში პარალელურად ჩატარებულ მატჩში მექსიკა იოლად დაამარცხეს 32:20 . რაც შეეხება ალჟირსა და მექსიკას, ისინი 23-ე ადგილისთვის ასევე ხვალ ითამაშებენ.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017