All for Joomla All for Webmasters

არგენტინის პირველი გამარჯვება

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ხელბურთში, ერთდღიანი შესვენების შემდეგ ტურნირი პლეიაუტის მატჩებით განახლდა ანუ ოთხივე ქვეჯგუფის ბოლოადგილოსნები ერთმანეთს 21-24-ე ადგილებს ეცილებოდნენ.
პლეიაუტის პირველ ნახევარფინალში არგენტინა მექსიკას შეხვდა. ორივე გუნდი რომ ტურნირის აუტსაიდერთა კატეგორიას განეკუთვნება ისედაც ცხადი იყო და ჯგუფში მათ მიერ ნაჩვენებმა შედეგებმაც დაადასტურა. რა თქმა უნდა, რაგინდ სუსტი გუნდი იყო, ბოლო, 24-ე ადგილზე ყოფნა მაინც არავის სურს და ამიტომაც იყო არგენტინა მეტოქეს მსაჯის სასტვენისთანავე რომ ეკვეთა. თავიდანვე გამოჩნდა, რომ ამ წყვილში უკეთესები სამხრეთ ამერიკელები იყვნენ და კარგად დაწყებულ საქმესაც თავისდა სასიკეთოდ მიიყვანდნენ. 
გარდა იმისა, რომ მექსიკელებმა შეხვედრა დათმეს, მათთვის დამატებითი გულისწყვეტა თანაგუნდელის მძიმე ტრავმამაც გამოიწვია. მეთორმეტე ნომერმა და ცენტრალური ამერიკის წარმომადგენელთა რიგებში აშკარად გამორჩეულმა მოთამაშემ ფრანცის აპოდაკამ პირველი ტაიმის მიწურულს კისრის მძიმე დაზიანება მიიღო და საავადმყოფოში გადასაყვანი გახდა.
საბოლოოდ არგენტინამ 32:20 მოიგო და ხვალ პლეიაუტის ფინალში ბაჰრეინს დაუპირისპირდებიან.
„არგენტინელებმა ალბათ ტურნირზე საუკეთესო შეხვედრა სწორედ ჩვენთან ითამაშეს. ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას და ხვალ ბაჰრეინთან წარმატებებს ვუსურვებ“ – აღნიშნა მატჩის შემდგომ მექსიკელთა დამრიგებელმა ხულიო რაულ ალდერეტემ.
„ჩვენ დღეს დაცვაშიც და შეტევაშიც კარგად გამოვიყურებოდით. მოსაგებად განვეწყვეთ და მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ ასეც მოხდა. ვეცდებით ხვალ ძლიერ ბაჰრეინთანაც დადებით შედეგს მივაღწიოთ“ – განაცხადა არგენტინელმა ხელბურთელმა მარტინ არაკაკიმ.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017