All for Joomla All for Webmasters

საქართველოს ნაკრები პრეზიდენტის თასისთვის იბრძოლებს

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები მსოფლიოს მე-7 ჩემპიონატის ჯგუფური ტურნირის მეხუთე ტურში ჩილესთან 24:29 დამარცხდა. ბექა ორჯონიკიძის გუნდმა B ჯგუფში მე-5 ადგილი დაიკავა, 1/8-ფინალში ვერ გავიდა და 16 აგვისტოდან პრეზიდენტის თასისთვის იბრძოლებს. საქართველოსთან ერთად ითამაშებს ჯგუფის მეექვსე ადგილოსანი ალჟირი და სხვა ჯგუფებში ბოლო ორ ადგილზე გასული გუნდები.

ძალიან ცუდი დასაწყისი, უხეში, უყურადღებო თამაში დაცვაში და ბევრი წუნი შეტევაში. ისევე, როგორც წინა ორ ტურში, საქართველოს ნაკრებმა ჩილესთან მატჩის დასაწყისიც ჩააგდო. ამის დასტურად თამაშის ოქმს მოვიშველიებთ: მე-6 წუთისთვის მასპინძლები 1:6-ს აგებდნენ, მე-16 წუთისთვის ანგარიში 4:10 იყო ჩილეს სასარგებლოდ, 25-ე წუთზე კი სამხრეთამერიკელები პირველად დაწინაურდნენ რვა გოლის სხვაობით. კლაუდიო ლირას გუნდმა ტაიმი 10:18 მოიგო. მეორე ტაიმის დასაწყისი აშკარად უკეთესი გამოდგა: შედარებით კარგი დაცვა და შედეგიანი თავდასხმები. ორჯონიკიძის გაწვრთნილმა გუნდმა რამდენჯერმე შეამცირა სხვაობა ოთხ ბურთამდე, თუმცა მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხა – 24:29.

საქართველოს ნაკრების მოთამაშეებიდან, პირველ რიგში, მეკარე სანდრო ხანდოლიშვილი უნდა გამოვარჩიოთ. პირველი ტაიმის შუაში, როცა დაცვის თამაში კრიტიკას ვერ უძლებდა, მან ზედიზედ სამჯერ მოიგერია 7-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა, მეორე ტაიმში კი კიდევ ორჯერ არ გაატანინა ჩილელებს პენალტი. ხუთი 7-მეტრიანის გარდა ხანდოლიშვილმა არაერთი სახიფათო დარტყმაც უკუაგდო. ის სამართლიანად დასახელდა საქართველოს ნაკრების საუკეთესო მოთამაშედ. ორჯონიკიძის გუნდის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მე-18 ნომერი, მარჯვენა შუამარბი გიორგი ცხოვრებაძე გახდა – მან შვიდჯერ დაარტყა ზუსტად.

ჩილეს ნაკრებიდან მე-6 ნომერი ბაუმან დე ლა ბარერა და მე-13 ნომერი რეინალდო გომეს დრაგო უნდა ვახსენოთ. პირველმა ათი, მეორემ კი ექვსი ბურთი გაუტანა ხანდოლიშვილს. საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კაკაბაძემ ყველაზე სასარგებლო მოთამაშის პრიზი სწორედ ბაუმან დე ლა ბრერას გადასცა.

„ძალიან ცუდად დავიწყეთ, რამაც განაპირობა კიდეც მარცხი. მეორე ტაიმში უკეთ გამოვიყურებოდით, აშკარად ჩანდა, რომ გამოვასწორეთ შეტევები, თუმცა ჩაგდებულმა პირველმა ტაიმმა დამღუპველად იმოქმედა“, – ასეთი იყო საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების თავკაცის ბექა ორჯონიკიძის კომენტარი.

„მძიმე, დაძაბული თამაში გადავიტანეთ. საქართველომ მედგარი წინააღმდეგობა გაგვიწია, განსაკუთრებით შესვენების შემდეგ, თუმცა კარგად დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა შევძელით. მიხარია რომ მოვიგეთ, ფლეი-ოფში გასვლა ჩვენთვის დიდი წარმატებაა“, – განაცხადა გამარჯვებულთა მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო ლირამ.

1/8-ფინალში, 16 აგვისტოს, ჩილეს ნაკრების მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი იქნება. თამაში 16:15 საათზე დაიწყება.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017