All for Joomla All for Webmasters

რუსეთი მედლებისთვის ბრძოლას განაგრძობს

რუსეთის ნაკრებმა იოლად, 32:14 დაამარცხა მექსიკა და D ჯგუფში მეოთხე ადგილი, შესაბამისად, ფლეი-ოფში თამაში გაინაღდა. რუსეთი 1/8-ფინალურ შეხვედრას 16 აგვისტოს, C ჯგუფის პირველადგილოსანთან გამართავს.

რუსეთ-მექსიკის დაპირისპირებაში რამდენიმე საინტერესო მიღწევა დაფიქსირდა. გამარჯვებულთა მარჯვენა გარემარბმა, 30-ე ნომერმა ალბერტ გუმაროვმა თორმეტი გოლი გაიტანა, რაც მიმდინარე მსოფლიო პირველობის რეკორდის გამეორებაა. ამდენივე ბურთი გაუტანა გერმანელმა დიმიტრი იგნატოვმა 11 აგვისტოს იაპონიას. გასაკვირი არაა, რომ გუმაროვი რუსეთის ნაკრების საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მექსიკელებიდან მე-2 ნომერი, ანდრეს მარტინეს მარკესი გამოარჩიეს, რომელმაც ხუთჯერ გამოიჩინა თავი.

მექსიკის თოთხმეტი ბურთი ჩემპიონატის ანტირეკორდია. კიდევ ერთ სტატისტიკურ მონაცემს მოგაწვდით: მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ოცდაოთხი გუნდიდან მექსიკა ერთადერთია, რომელმაც თამაშში ოცი ბურთის გატანა ვერ შეძლო. პირველ ტურში მექსიკა სერბეთთან 18:29 დამარცხდა, სლოვენიამ 32:19 სძლია, ტუნისმა 37:19, ხოლო ესპანეთმა 33:18.

„ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო ჩვენთვის და კარგია, რომ გავიმარჯვეთ. რაც შეეხება მექსიკას, კარგი გუნდია და ვფიქრობ, თამაშიდან თამაშამდე მოუმატებს“, – განაცხადა გამარჯვებულთა მწვრთნელის თანაშემწემ ალექსეი სოლოვიოვმა.

„ჩვენ პირველად ვმონაწილეობთ მსოფლიო ჩემპიონატში და გულახდილად რომ ვთქვა, მთავარ მიზნად გამოცდილების მიღება დავისახეთ. კარგია ძლიერ მეტოქეებს რომ გავეჯიბრეთ, ეს ბიჭებს მომავალში აუცილებლად წაადგებათ. იმედია მექსიკის ნაკრების მომდევნო თაობა ამ გუნდის შედეგს გააუმჯობესებს“, – განაცხადა მექსიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხულიო რაულ კამარილიო ალდერეტემ.

შეგახსენებთ: რუსეთის ნაკრები მესამედ თამაშობს ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე. 2011 წელს, არგენტინაში ეს გუნდი მეცამეტე ადგილზე გავიდა, ორი წლის წინ, რუსეთში გამართულ მსოფლიო პირველობაზე კი მეთერთმეტე იყო. რაც შეეხება ჯგუფის ბოლოადგილოსან მექსიკას, ის ამ ტურნირის დებიუტანტია და ამით თუ აიხსება კამარილიო ალდერეტეს გუნდის ცუდი შედეგი.

გუნდები, რომლებიც მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ, პრეზიდენტის თასისთვის იბრძოლებენ. მექსიკის ნაკრები მომდევნო შეხვედრას 16 აგვისტოს, C ჯგუფის ბოლოადგილოსანთან, არგენტინის ნაკრებთან გამართავს.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017