All for Joomla All for Webmasters

პორტუგალია ბრაზილიამ შეაჩერა

სატურნირო თვალსაზრისით მატჩის შედეგს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ბრაზილია ისეც ჯგუფში იყო ჩარჩენილი, პორტუგალიას კი მერვედფინალის საგზური ორი დღის წინ გაენაღდებინა. ერთად-ერთი, ჯგუფში პორტუგალიელთა ადგილი გახლდათ გასარკვევი და… ჯგუფში პორტუგალიელთა პირველობა ახლა ხორვატიაზეა დამოკიდებული, რომელიც თავის მხრივ ბოლო მატჩში აბსოლუტურად უმოტივაციო არგენტინას ხვდება.

ლაღი და გოლებით დახუნძლული მატჩის მოლოდინში ვიყავით, მაგრამ კარგი ბრძოლა და დაძაბული სანახაობა ვნახეთ. განსაკუთრებით მონდომებულები ბრაზილიელები იყვნენ. მიზეზს ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტი კია, სამხრეთამერიკელები მოედანზე ძალიან დამუხტულები გამოვიდნენ და იქაურობა ძალიანაც გახარებულებმა დატოვეს. მთელი მატჩი ბრაზილიელთა უპირატესობით წარიმართა, დიდი არა, მაგრამ ვაშინგტონ სილვას შეგირდები ერთ-ორბურთიანი სხვაობით ლიდერობდნენ. შეხვედრის დამთავრებამდე 3 წამით დე ანდრე სილვას გატანილი გადამწყვეტი გოლი კი მატჩის ლოგიკური დასასრული გამოდგა. სწორედ დე ანდრე სილვა დაასახელეს ბრაზილიელთა მხრიდან მატჩის საუკეთესო ხელბურთელად. გადამწვყვეტის გარდა მან კიდევ ოთხი გოლი მიითვალა, მეტოქე გუნდიდან კი ფრანჩესკო ფერეირა გამოარჩიეს.

მოკლედ, პორტუგალიელელებმა ხელბურთშიც გამოავლინეს ხასიათის თავისებურება და ფრიად მოულოდნელი შედეგიც დააფიქსირეს. ახლა პორტუგალია ჯგუფში სავარაუდოდ მესამე ადგილს მიიღებს და მერვედფინალში ტუნისთან რას მიაღწევს, ერთად ვნახავთ.

რიკარდო სანტოში, პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი: ბრაზილიამ დღეს უკეთ ითამაშა, ჩვენ მოგებას არ ვიმსახურებდით. ახლა ჩვენი მიზანი კარგად დასვენებაა, მერვედფინალში ტუნისის წინააღმდეგ კარგად უნდა ვითამაშოთ და დღევანდელი შეცდომები არ გავიმეოროთ.

ვასინგტონ სილვა, ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი: ჩვენმა გუნდმა დაცვაში კარგად ითამაშა, რის გამოც პორტუგალიას პრობლემები შეექმნა. თავდასხმაში კი ზუსტად ვიმოქმედე, ჩვენი დარტყმები მიზანს აღწევდა და გავიმარჯვეთ კიდეც, რითაც ბედნიერი ვარ.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017