All for Joomla All for Webmasters

მსოფლიოს ჩემპიონმა საფრანგეთმა ა ჯგუფი მოიგო

მსოფლიოს ჩემპიონმა საფრანგეთის ნაკრებმა 35:26 დაამარცხა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი დანია და A ჯგუფი ქულათა მაქსიმუმით მოიგო. 176:124 ასეთია ერიკ ქუინტინის გუნდის ბურთების შეფარდება ჯგუფური ტურნირის ხუთი თამაშის შემდეგ. დანიასთან გამარჯვებით ფრანგებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ჩემპიონატის ფავორიტთა შორის არიან და საქართველოშიც ოქროს მედლების მოგება სურთ.

16 აგვისტოს, 1/8-ფინალში, ფრანგები ბ ჯგუფის მეოთხეადგილოსანს დაუპირისპირდებიან. არაა გამორიცხული მათი მეტოქე ბექა ორჯონიკიძის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები გახდეს. ყველაფერი რამდენიმე საათში გაირკვევა.

ფრანგები პირველივე წუთიდან ფლობდნენ უპირატესობას, დროის სვლასთან ერთად კი ანგარიშში სხვაობაც იზრდებოდა. პირველი ნახევარი მსოფლიოს ჩემპიონებმა 19:15 მოიგეს. შესვენების შემდეგ დანიამ უზუსტოდ თამაშს მოუხშირა, ფრანგები კი მრავალფეროვნად ათამაშებდნენ ბურთს და შეტევებსაც ზუსტი ტყორცნებით აგვირგვინებდნენ. დანიელებს ყველაზე მეტი, ექვსი გოლი მე-9 ნომერმა კილილან ვილემინომ და მე-19 ნომერმა იოან გიბელინმა გაუტანეს. ამ უკანასკნელს ყველაზე სასარგებლო მოთამაშის პრიზიც გადაეცა. რაც შეეხება მეტოქეს, ტექნიკური კომისიის რჩეული 22-ე ნომერი ლუკას იორგენსენი გახდა, რომელმაც ოთხჯერ დალაშქრა ფრანგების კარი. ექვსი ბურთი შეაგდო მე-11 ნომერმა მათიას გიდსელმა.

„ბიჭებმა მოინდომეს და გაიმარჯვეს, რაც ძალიან მახარებს. დანია ერთ-ერთი გამოცდილი გუნდია, მშვენიერი მოთამაშეები ჰყავს, კარგ გუნდთან მოგება კი ყოველთვის სასიხარულოა“, – განაცხადა გამარჯვებულთა მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ქუინტინმა.

„საფრანგეთი უძლიერესი მეტოქეა, ასეთ მოწინააღმდეგესთან კი ზუსტად ჩანს მინუსებიც და პლუსებიც. დღევანდელ მატჩში ბევრი რამ დავინახე, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ მომავალში. კარგი ისაა, რომ მედლებისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ, ახლა მთავარია მაქსიმუმი გავაკეთოთ“, – განაცხადა დანიელთა მთავარმა მწვრთნელმა კლაუს ჰანსენმა.

მისი გუნდის საბოლოო პოზიცია ჯგუფში რამდენიმე საათში დადგინდება, მეტოქე კი B ჯგუფის თამაშების დასრულების შემდეგ გამოვლინდება.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017