All for Joomla All for Webmasters

კორეამ პოლონეთს ესპანეთი დაანახა

ასეთი მხიარული ბურთაობა ამ ტურნიზე, ალბათ, არც ყოფილა. გუნდებს ერთმანეთთან და სატურნირო ცხრილში გასარკვევ-დასამტკიცებელი არაფერი ჰქონდათ. ისეთი ღია თამაში გაჩაღდა, ცოტა დააკლდათ და გატანილი ბურთების რაოდენობით ჩემპიონატის რეკორდს დაამყარებდნენ.

კორეამ მეტოქეს თავიდანვე მაღალი ტემპი შესთავაზა და ასე, ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა მთელი ერთი საათი. თავიდან პოლონეთი აჰყვა მეტქოეს და დაიჩაგრა კიდეც, კორეელები აშკარად უფრო სწრაფად და ხარისხიანად თამაშობდნენ. შესვენებამდე კორეა 11-ბურთიანი სხვაობით 23:12 დაწინაურდა. ამ გოლების უმეტესობა კი კორეელთა ლიდერმა და მატჩის საუკეთესო ხელბურთელმა კიმ ჟი უნმა გაიტანა, რომელმაც მონაგარს მეორე ტაიმშიც შემატა ხუთი გოლი.

მეორე ტაიმში მოედანზე ბევრიც არაფერი შეცვლილა. პოლონეთმა ბევრი მცდელობის მიუხედავად სულ ერთით შეამცირა სხვაობა და საბოლოოდ 28:38 დამარცხდა. პოლონელთაგან საუკეთესოდ დავიდ კრიშიაკი დაასახელეს, ვინც თავი ექვსი გატანილი გოლითაც გამოიჩინა.

მერევედფინალში კორეა სავარაუდოდ პორტუგალიას შეხვდება. ხოლო პოლონეთის მეტოქე ესპანეთი იქნება.

ინ იკ იანგი, კორეის ნაკრების მწვრთნელი: ჩვენ კარგი გუნდი გვყავს და ვფიქრობ დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ყველა ხელბურთელმა კარგად ითამაშა, ვერავის გამოვარჩევ, ბიჭები კარგ ფორმაში არიან.

მიხალ სკორსკი, პოლონეთის ნაკრების მწვრთნელის თანაშემწე: ჩვენი გუნდი მეტოქეს სისწრაფეში ჩამოუვარდებოდა და ღირსეული წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიეთ. მარტივი შეცდომების გამო დავმარცხდით, თუმცა ვეცდებით მერვედფინალში უკეთ ვითამაშოთ.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017