All for Joomla All for Webmasters

ისლანდიამ ბ ჯგუფი მოიგო

მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მატჩში ისლანდიის ნაკრებმა ბოლო წამზე გატანილი გოლით 28:27 დაამარცხა გერმანია და ბ ჯგუფი მოიგო. წინა მსოფლიო პირველობის მესამეადგილოსანი ისლანდია 1/8-ფინალში ა ჯგუფის მეოთხეადგილოსანს დაუპირისპირდება, გერმანიის ნაკრები კი, იმავე ჯგუფის მესამეადგილოსანს.

მატჩის პირველი ნახევარი ფრედ 12:12 დასრულდა. მე-10 წუთზე ისლანდიელები ხუთი ბურთით იგებდნენ – 8:3. საწყის წუთებში შეუდარებელი იყო კუნძულელთა ლიდერი ტეიტურ ორნ ეინარსონი, რომელმაც ოთხი გოლი გაუტანა მეტოქეს, მათ შორის ორჯერ 7-მეტრიანი საჯარიმო. მანვე ტაიმის მიწურულს კიდევ ერთხელ გაიტანა 7-მეტრიანი – ეფექტურად, ფეხებსშუა გაუძვრინა ბურთი გერმანელთა მეკარეს. გერმანელებმა მარჯვენა გარემარბის დიმიტრი იგნატოვის და მარცხენა შუამარბის იანეკ კლაინის კარგი თამაშის წყალობით გაათანაბრეს. პირველ ნახევარში ორივემ ოთხ-ოთხი გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმის დასაწყისიც ისლანდიელებისა გამოდგა: ბიარნი ფრიცონის გუნდი 35-ე წუთისთვის 16:12-ს იგებდა. კიდევ ერთხელ უნდა შევაქოთ ეინარსონი, რომელმაც მორიგი გოლები მიითვალა, ასევე ისლანდიელთა მეკარე ანდრი შევინგი, ვინც ათზე მეტი შეტევა მოიგერია. გერმანელებმა მაინც გაათანაბრეს, თუმცა იმავე ეინარსონმა ზედიზედ სამი შეტევა დააგვირგვინა ზუსტი ტყორცნით – 23:20. 26-ე წუთზე კიდევ ერთხელ გათანაბრდა ანგარიში – 25:25, 29-ე წუთისთვის 27:27 იყო, თუმცა იოჰან ბეპლერის გუნდმა სასურველი ფრე (ამ შემთხვევაში პირველ ადგილზე გერმანია გადიოდა) ვერ შეინარჩუნა – ისლანდიელებმა კარგად გაათამაშეს უკანასკნელი კომბინაცია და გოლიც გაიტანეს – 28:27.

„ვულოცავ ისლანდიის ნაკრებს გამარჯვებას. მათ ძალიან რთული ბრძოლა მოიგეს“,- განაცხადა ბეპლერმა, ისლანდიის ნაკრების თავკაცმა ფრიცონმა კი თქვა: „ძალიან მაღალი დონის მატჩი იყო. ჩემმა გუნდმა ყველაფერი არაჩვეულებრივად შეასრულა, ბოლომდე ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ. პირველი ადგილი დავიკავეთ და ეს ძალიან მახარებს“.

ისლანდიელთა საუკეთესო მოთამაშე ტეიტურ ორნ ეინარსონი გახდა, რომელმაც ამ ჩემპიონატზე უკვე მესამედ გაიტანა ერთ შეხვედრაში ათი გოლი. აქვე გეტყვით, რომ მის ანგარიშზე უკვე 46 გოლია და ბომბარდირთა დავას ლიდერობს. რაც შეეხება გერმანელთა რჩეულს, პრიზი მე-5 ნომერს ტიმ მატთეს გადაეცა. გუნდის ბომბარდირები კიდიმიტრი იგნატოვი და მაქს შტაარი გახდნენ შვიდ-შვიდი ბურთით.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017