All for Joomla All for Webmasters

ესპანეთი მერვედფინალში დამუხტული გავიდა

ესპანეთსა და სლოვენიას მერვედფინალის საგზური მატჩამდეც დაბევებული ჰქონდა, მხოლოდ ის იყო გასარკვევი მეტოქეები ფლეი ოფს რომელი ადგილით ეწვეოდნენ. აღმოჩნდა, რომ ჯგუფში პირველობა ესპანეთისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი გახლდათ, ვიდრე მეტოქისთვის. შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ სლოვენიისთვის ესპანელთა ასეთი მონდომებული თამაში მოულოდნელი გამოდგა.

მენდეშ სუარეშის ბიჭები თავიდანვე დამუხტულები იყვნენ, ისინი გავეშებით ეკვეთნენ მეტოქეს და დასაწყისშივე 4:0 დაწინაურდნენ. ამგვარი უპირატესობით ქულით მაინც შემცირების საშუალება მეტოქეს წუთით არ მისცეს. ესპანეთი კი ყოველ გოლს და მეტოქის ჩაშლილ შეტევას ხმაურით აღნიშნავდა. სატურნირო ცხრილში ჩაუხედავი კაცი იფიქრებდა, ამათი საფლეიოფო საკითხი ამ მატჩით ირკვევაო.

მოკლედ, ესპანელებმა უსიტყვოდ დაამარცხეს სლოვენიელი თანატოლები. პირველი ტაიმის შემდეგ ისინი შვიდ ქულას იგებდნენ, მეორე ნახევარ საათში კი სხვაობა ერთითაც გაზარდეს და საბოლოოდ 30:22 მოიგეს. ჯგუფში პირველი ადგილი ხუთიდან ხუთი მოგებით ესპანეთმა დაიკავა, სლოვენიამ კი მეორება ტუნისს დაუთმო და მესამე ადგილს დასჯერდა. მათი მეტოქეების ვინაობას C ჯგუფის მატჩები გაარკვევს.

შეხვედრის საუკეთესო ხელბურთელებად ესპანელთაგან სერანო ტარაფეტა, ხოლო სლოვენიელთაგან დომენ მაკუჩი დაასახელეს.

იანეს კლემენიჩი, სლოვენიის ნაკრების მწვრთნელი: ეს თამაში მალე უნდა დავივიწყოთ და მერვედფინალისთვის მოვემზადოთ. ესპანეთს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს და ობიექტურად ისინი ჩვენზე ძლირები არიან.

დანიელ სანჩესი, ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი: ვფიქრობ ტურნირის საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ. კონცენტრირებულები ვიყავით, საწყისი ათი წუთი უნაკლოდ ჩავატარეთ. მთელი თამაში წინ ვიყავით და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017