All for Joomla All for Webmasters

ეგვიპტემ სკანდინავია დაიპყრო

10 მაისს, ბაზელში, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის შტაბ-ბინაში გამართული კენჭისწყრის შემდეგ, A ჯგუფი უმალ სიკვდილისად შეირაცხა. 3 სკანდინავიური ნაკრები (დანია, შვედეთი, ნორვეგია), მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთი, ყოჩაღი ეგვიპტე, რომლებმაც შვედებს სძლიეს, დანიას კი ფრე გაუგორეს და არცთუ ისე ხელწამოსაკრავი ბაჰრეინი. მათ ანგარიშზე ხომ ჩემპიონატის ერთ-ერთი ხმაურიანი სენსაციაა, აჯობეს რა დანიელებს.

ნორვეგია მეტ-ნაკლებად სახელბურთო ქვეყნად ითვლება და სიმართლე ითქვას მათგან გაცილებით მეტს ველოდით, ვიდრე ბოლო ტურის წინ სატურნირო ცხრილში 2 ქულის ამარა ყოფნაა. ვიგინგების ანგარიშზე ოდენ ბაჰრეინელთა დამარცხება იყო, მაშინ როდესაც მათი დღევანდელი მეტოქე ეგვიპტე 5 ქულით იწონებდა თავს. ეს იმას ნიშნავს, რომ აფრიკელები ნებისმიერ შემთხვევაში პლეიოფში არიან, ნორვეგიელებს კი მხოლოდ გამარჯვება თუ უშველიდათ, ისიც იმ შემთხვევაში თუ დღის და A ჯგუფის ბოლო მატჩშიშვედები ბაჰრეინთან წააგებდნენ.

როგორც ავღნიშნეთ ნორვეგიელებს დასაკარგი არაფერი ჰქონდათ და უფრო თამამად მოქმედება მართებდათ, ვიდრე ამას მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში აკეთებდნენ. ამიტომაც პირველ ნახევარში დაფიქსირებული შედეგი 14:12 ეგვიპტელთა სასარგებლოდ სრულიად ლოგიკური გახლდათ.

მეორე ნახევარში ნორვეგიელები რაიმეს შეცვლას და რაღაც ახლის შემოთავაზებას ვერ ახერხებდნენ, არადა მოგება თუ ვინმეს სჭირდებოდა უპირველესად მათ. ტაიმის ნახევარი ისე მიილია სკანდინავიელები არათუ დაწინაურდნენ, მეტოქეს ანგარიშში ვერც გაუთანაბრდნენ.შეხვედრა რაც უფრო დასასრულისკენ მიდიოდა ნორვეგიელები თითქოს წაგებასაც ეგუებოდნენ. ასეც მოხდა – ეგვიპტემ 30:22 გაიმარჯვა და ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მერვედფინალში მათი მეტოქე იაპონია იქნება.

რაც შეეხებათ ნორვეგიელებს, ისინი თავს იმით თუ დაიმშვიდებენ, რომ ჯერ კიდევ აქვთ სანუგეშო წრეში ანუ პრეზიდენტის თასზე გადართვის შანსი. ყოველივე კი შვედეთი-ბაჰრეინის მატჩის შედეგზე იქნება დამოკიდებული.
ბასემ მოსტაფა აბდელმოაზი, ეგვიპტის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „რთული მოწინააღმდეგე გვყავდა. მატჩის მიმდინარეობისას იყო ეპიზოდები, როდესაც ჩემი მოთამაშეები დუნდებოდნენ, რაც ალბათ იმის ბრალია, რომ უკვე იცოდნენ პლეიოფის საგზური მოპოვებული ჰქონდათ. მიუხედავად ამისა ჩვენ გავიმარჯვეთ და იაპონიასთან რთული მატჩისთვის მოვემზადებით“

ტომას ბოილესენი, ნორვეგიის ნაკრების ხელბურთელი: „დასაწყისში თითქოს კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ შემდეგ რატომღაც რწმენა დავკარგეთ და დავმარცხდით. ძალიან იმედგაცრუებული ვარ“.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017