All for Joomla All for Webmasters

ხორვატიამ ბოლო ტური ფორმალობად აქცია

გ ჯგუფის მეორე შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ ხორვატია და ბრაზილია დადგნენ. ფავორიტის სტატუსს ცხადია ბალკანელები ატარებდნენ. მართალია, სატურნირო ცხრილის მიხედვით ბრაზილიელები მეტოქეს ოდენ ერთი ქულით ჩამორჩებოდნენ, მაგრამ კლასით, სიძლიერით და სახელბურთო ტრადიციებით ხორვატები სამხრეთ ამერიკელებს უდავოდ აღემატებიან.

მიუხედავად ამისა, ხორვატებს გაუჭირდათ და ბრაზილიელებმა პირველი 15 წუთი საკმაოზე მეტად ანერვიულეს, მანამ სანამ ევროპელები წინ გავიდოდნენ. ეს კი სწორედ პირველი ტაიმის 15-ე წუთზე მოხდა, ტაბლოზე ანგარიში 9:8 აციმციმდა და მას შემდეგ ბრაზილია მუდამ მდევრის როლში იმყოფებოდა. პირველი ტაიმის ბოლომდე ხორვატებმა კომფორტული უპირატესობა შეიქმნეს, 18:13 დაწინაურდნენ და უკვე ნათელი იყო, რომ თუ სასწაული არ მოხდებოდა გამარჯვებას ხელიდან აღარ გაუშვებდნენ.

მეორე ტაიმში ხორვატებმა მეტოქე კიდევ უფრო გაგუდეს და ანგარიშში სხვაობას მეთოდურად ზრდიდნენ. 60 წუთის შემდეგ ტაბლოზე ანგარიში 40:24 უჩვენებდა ხორვატების სასარგებლოდ, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ ბალკანელებს 5 ქულა დაუგროვდათ და ამით მერვედფინალში თამაშის უფლება გაინაღდეს. ბოლო ტურში არგენტინელებთან რომც დამარცხდნენ, რაც ნამდვილად სასაცილოდ ჟღერს პლეიოფის ბილეთი მაინც ჯიბეში უდევთ და საერთოდაც C ჯგუფში დასკვნითი ტურის შეხვედრები უკვე სრული ფორმალობაა. გადაწყვეტილი ამბავია, რომ ბრაზილია და არგენტინა ჯგუფში ჩარჩნენ, ხოლო პორტუგალიამ, სამხრეთ კორეამ, პოლონეთმა და ხორვატიამ საუკეთესო 16 გუნდში თამაშის უფლება მოიპოვეს.

და კიდევ ერთი. ამ მატჩით თბილისის მსოფლიოს ჩემპიონატზე გასამართი თამაშების ზუსტად ნახევარი მიილია.
ლუკა პანზა, ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „ნუ გვიწყენენ ბრაზილიელები, მაგრამ მათ მატჩის დაწყებამდე არ ჰქონდათ ჩვენთან გამარჯვების შანსი. სტარტზე შედარებით დუნედ გამოვიყურებოდით, მაგრამ თამაშის მიმდინარეობას სრულად ვაკონტროლებდით და ლოგიკურადაც შედეგიც დაფიქსირდა“.

ვაშინგტონ სილვა, ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „მატჩის საწყის ეტაპზე, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში ყველაფერი რიგზე გვქონდა. პირველი ტაიმის მეორე ნაწილში კი ავირიეთ და შეხვედრის ბოლომდე ვეღარ დავლაგდით, რამაც გამოიწვია ასეთი დიდი ანგარიშით მარცხი“.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017