All for Joomla All for Webmasters

ყოჩაღი სამხრეთ კორეა მერვედფინალშია

თბილისის მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატზე ხელბურთში, მეექვსე სათამაშო დღე და მეოთხე ტურის მეორე ნაწილი (B და D ჯგუფებში ბოლოსწინა ტური გუშინ ჩამთავრდა) C ჯგუფის მატჩით გაიხსნა, რომელშიც არგენტინა – სამხრეთ კორეას შეხვდა. სამხრეთ ამერიკელები ჩილესა და მექსიკასთან ერთად ტურნირის უსუსტეს გუნდად ითვლებიან, რომლებმაც ჯერ გამარჯვება რა არის არ იციან და დიდი ალბათობით მსოფლიოს ჩემპიონატსაც მოუგებლად დაემშვიდობებიან.

როგორც ვთქვით, არგენტინას სამხრეთ კორეასთან მატჩამდე ქულათა გრაფაში ნული ეწერა და ძნელი წარმოსადგენი იყო მათ პირველი მოგება სწორედ აზიელებთან მოეპოვებინათ. ეს უკანასკნელნი ჩემპიონატზე საკმაოდ ყოჩაღი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებენ და მეორე ტურში ხორვატიის ძლევით სენსაციაც შემოგვთავაზეს. მოკლედ, ასეა თუ ისე ამ წყვილში სამხრეთ კორეა უდავო ფავორიტი გახლდათ და აუღელვებლად, ყოველგვარი ზედმეტი ნერვიულობის გარეშე უნდა გაეფორმებინათ მერვედფინალის საგზური.

სხვა გუნდებთან შედარებით კორეელები ტანდაბალი მოთამაშეებით არიან დაკომპლექტებულნი და მათი მთავარი კოზირი სისწრაფეა. სწორედ ამ კომპონენტით გამოირჩნენ ისინი წინა თამაშებშიც. არგენტინელებთამ შეხვედრაში ვერცხლისწყალივით მოძრავმა კორეელებმა მეტოქეს თავბრუ დაახვიეს და სოლიდური სხვაობით 44:27 გაიმარჯვეს. საგულისხმობა, რომ სამხრეთ კორეამ გატანილი გოლების რაოდენობით რეკორდი დაამყარა. 44 გოლი ერთ მატჩში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე არავის გაუტანია. აქამდე ყველაზე მეტი გოლი – 42 საფრანგეთს და ისლანდიას ჰქონდათ გატანილი.

ამ გამარჯვებით სამხრეთ კორეა 6 ქულას აგროვებს და C ჯგუფში დროებით პირველ ადგილზე გადადის, ვიდრე დღის დასკვნით შეხვედრაში, 20:00 საათზე პოლონეთი პორტუგალიას დაუპირისპირდება.

„ძნელ თამაშს ველოდით და საბოლოოდ ასეც გამოვიდა. სამხრეთ კორეის ნაკრები ძალზედ მოძრავი გუნდია და მათ ტემპში ვერ ავყევით“ – აღნიშნა არგენტინელთა მწვრთნელმა კარლოს ოსვალდო ლოპესმა.

იოსებ ლი, სამხრეთ კორეის ნაკრების ხელბურთელი:
„ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან მოვიგეთ და პლეიოფში გავედით. ანგარიშგასაწევი მეტოქე გვყავდა და მათთან დიდი უპირატესობით გამარჯვება ორმაგად სასიამოვნოა”.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017