All for Joomla All for Webmasters

პორტუგალიამ პირველ ადგილზე გადაინაცვლა

პორტუგალიის ნაკრებმა 24:22 დაამარცხა პოლონეთი და უკანასკნელი ტურის წინ პირველ ადგილზე გადაინაცვლა. რიკარდუ სანტუშის გაწვრთნილი გუნდი 7 ქულით C ჯგუფის ლიდერია და მეორეადგილოსან კორეას ქულით უსწრებს.

მეხუთე ტურში პორტუგალიელები ბრაზილიელებს ხვდებიან და წესით და რიგით, გამარჯვება არ უნდა გაუჭირდეთ. შეგახსენებთ, რომ ბრაზილია და ჯგუფის ბოლოადგილოსანი არგენტინა დღევანდელი საშეჯიბრო დღის შემდეგ უკვე გამოეთიშნენ მედლებისთვის ბრძოლას. აქვე გეტყვით, რომ პოლონეთი, მარცხის მიუხედავად, ფლეი-ოფშია, ხვალ, 14 აგვისტოს კი კორეას გაეჯიბრება.

მატჩის საბოლოო ანგარიში დაძაბულ თამაშზე მიუთითებს. ასეც იყო: სხვაობა სამ-ოთხ ბურთს არ ასცილებია, მაგრამ ეგაა, რომ პორტუგალიელებს წუთით არ გაუშვიათ ინიციატივა და მეტოქეს არათუ წინ გასვლის, დაწინაურების შანსიც არ მისცეს. პორტუგალიის ნაკრების ლიდერად მე-10 ნომერი ლუიშ ფრადე მოგვევლინა, რომელმაც ყველაზე მეტი, ექვსი ბურთი გაუტანა პოლონეთს. საუკეთესო მოთამაშის პრიზი სწორედ მას გადაეცა. რაც შეეხება პოლონელთა რჩეულს, ასეთად 23-ე ნომერი დაასახელს, დავიდ კრუსიაკი. პოლონელთა ბომბარდირებიც აღვნიშნოთ: არიელ პიეტრასიკმა, პიოტრ იაროსიევიჩმა და პატრიკ მაუერმა ოთხ-ოთხი გოლი გაიტანეს.

„რთული თამაში მოვიგეთ. პოლონეთი საკმაოდ კარგი გუნდია, სწრაფი, მოქნილი და მიხარია, რომ ჩემმა ბიჭებმა ასეთ მეტოქესთან გამარჯვება შეძლო. ახლა პირველ ადგილზე ვართ და ეს ძალიან მახარებს. ვეცდებით ეს პოზიცია შევინარჩუნოთ, ფლეი-ოფში პირველი ადგილით გასვლა ძალიან წაგვადგება“, – განაცხადა პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა რიკარდუ სანტუშმა. შეგახსენებთ: პორტუგალია პირველად მონაწილეობს ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატში.

„დასანანი თამაში წავაგეთ… უფრო უნდა გვეაქტიურა… პირველი ტაიმით უკმაყოფილო ვარ, მეორე ნახევრის მიწურულს კი შედარებით უკეთ ვითამაშეთ“, – განაცხადა პოლონელთა თავკაცმა დარიუშ ტომაშევსკიმ.

მერვედფინალური შეხვედრები ოთხშაბათს, 16 აგვისტოს გაიმართება. C ჯგუფის გუნდები ამ ეტაპზე D ჯგუფის წარმომადგენლებს გაეჯიბრებიან.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017