All for Joomla All for Webmasters

მსოფლიოს ჩემპიონმა საფრანგეთმა პირველი ადგილი გაინაღდა

ერიკ ქუინტინის გაწვრთნილმა საფრანგეთის ნაკრებმა მეხუთეადგილოსან შვედეთს 29:21 მოუგო და A ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. შეგახსენებთ: საფრანგეთი ჭაბუკთა ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია.

ფრანგები თბილისშიც ჩინებულ შთაბეჭდილებას ტოვებენ. შვედებთან მატჩამდე ფრანგებს მატჩში საშუალოდ 30 გოლი გაჰქონდათ და მიუხედავად იმისა, რომ სკანდინავიელებთან ამ ნიშნულს ვერ უწიეს (მხოლოდ გოლი დააკლდათ), შეიძლება ითქვას, რომ მაინც იოლადგაიმარჯვეს. მართალია შვედეთის ნაკრებმა მეორე ტაიმი ჩინებულად დაიწყო – ჯერი ალბაკის გუნდი 5:1-იც გაიქცა, მაგრამ ფრანგების დამრიგებელმა უმალ წუთშესვენება აიღო, სათანადო დავალებები მისცა ბიჭებს და სასურველი გარდატეხაც შეიტანა თამაშში. 41-ე წუთისთვის ფრანგები 18:15-ს იგებდნენ, 46-ე წუთზე ანგარიში 22:17 იყო, კიდევ ათ წუთში კი საფრანგეთი პირველად დაწინაურდა ექვსი ბურთით – 25:19. ყველაზე შთამბეჭდავი უპირატესობა მსოფლიოს ჩემპიონს 55-ე წუთზე ჰქონდა, როცა 28:19 დაწინაურდა, თუმცა საბოლოოდ „მხოლოდ“ რვა ბურთით გაიმარჯვა – 29:21.

საფრანგეთის ნაკრების ყველაზე შედეგიანი ხელბურთელი მე-6 ნომერი ნოა გოდინი იყო – მან ექვსი ბურთი შეაგდო, საუკეთესო მოთამაშის პრიზი კი მე-10 ნომერს, მარჯვენა შუამარბს დილან ნაის გადაეცა. მან ხუთი გოლი გაუტანა მეტოქეს. შვედეთის ნაკრებიდან მეკარე, მე-16 ნომერი გუსტაფ ბანკე გამოარჩიეს. ბომბარდირი კი მე-9 ნომერი, მარჯვენა გარემარბი მარკუს თორბიორნი გახდა, რომელმაც ექვსი გოლი გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყიში მან 7-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ეფექტურად შეასრულა – ფრანგთა მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.

„საწყისი 25 წუთი კარგად ჩავატარეთ, მეტოქეს ტოლ-სწორად ვეთამაშეთ, თუმცა მეტი ვეღარ შევძელით. განსაკუთრებით ცუდად ბოლო 15 წუთს ვითამაშეთ, რამაც განაპირობა კიდეც ამ ანგარიშით წაგება. ჯერ კიდევ ვინარჩუნებთ ფლეი-ოფში თამაშის შანსს და ვეცდებით მიზანს მივაღწიოთ“, – განაცხადა შვედეთის ნაკრების თავკაცმა ჯერი ალბაკმა.

„გამარჯვების მიუხედავად ვერ ვიტყვი, რომ კარგად ვითამაშეთ. ძალიან არ მომეწონა მატჩის დასაწყისი, ბევრ შეცდომას ვუშვებდით… მიხარია, რომ პირველი ადგილი გავინაღდეთ. ჩვენ კარგი გუნდი გვყავს და იმედი მაქვს, ფლეი-ოფში უკეთ ავთამაშდებით“, – საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერიკ ქუინტინი.

ხვალ, 14 აგვისტოს, საფრანგეთი დასკვნით ტურში დანიას გაეჯიბრება. ეს თამაში 14 საათზე დაიწყება. შვედეთი კი 20 საათზე ბაჰრეინს დაუპირისპირდება.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017