All for Joomla All for Webmasters

ეგვიპტე მერვედფინალშია, ბაჰრეინი – ომში

სატურნირო ვითარებიდან გამომდინარე ეგვიპტე – ბაჰრეინის დაპირისპირება დიდ ბრძოლის მოლოდინს იძლეოდა, თუმცა ამაოდ… ეგვიპტელები ერთი თავით მაღლა იდგნენ მეტოქეზე და სრულიად დამსახურებულად 12-ბურთიანი სხვაობით მოიგეს.
ალი რადჰის ბიჭებმა მეტოქეს წინააღმდეგობა მხოლოდ მატჩის დასაწყისში გაუწიეს. პირველი ექვსი-შვიდი წუთი თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა, მერე კი ეგვიპტემ „აიწყვიტა“ და ერთბაშად 5 ბურთით დაწინაურდა. შესვენებამდე ეგვიპტემ მონაგარს კიდევ რამდენიმე უპასუხო გოლი შემატა და გამარჯვებულის ვინაობაც მაშინ გაარკვია – 19:10, ასე მორჩა პირველი ტაიმი.
შესვენების შემდეგ მოედნიდან ის ვნებათაღელვა გაქრა, რომელიც ყველა მატჩს თან ახლავს ხოლმე. მით უმეტეს აზიურ-აფრიკული გუნდებისგან მოსალოდნელი იყო ზღვა ემოციის გადმოფრქვევა, მაგრამ არაფერი მსგავსი… გუნდები შედეგს ნაადრევად შეეგუვნენ. ბაჰრეინს ხვალ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ელის შვედეთთან მერვედფინალის საგზურისთვის, ხოლო ეგვიპტემ მომავალი ბატალიებისთვის ძალების დაზოგვა ამჯობინა. თამაშიც მშვიდად ჩამთავრდა – 37: 25.
ეგვიპტემ მერვედფინალის საგზური გაინაღდა, ხოლო ბაჰრეინმა შვედეთთან და ნორვეგიასთან ერთად ერთი საგზურისთვის უნდა იბრძოლოს.
მატჩის საუკეთესოებად სპეციალურმა კომისიამ ეგვიპტელი მეკარე იბრაჰიმ ემადი და ბაჰრეინელი ინსაიდი ალი აჰმედი დაასახელა.
იბრაჰიმ ალი, ბაჰრეინის ნაკრების მწვრთნელის თანაშემწე: რთული თამაში გამოვიდა. ძლიერი მეტოქე გვყავდა. ჩვენმა ბიჭებმა კი მეორე ტაიმში ბურთზე კონტროლი დაკარგეს. თანაც ეგვიპტეთა მეკარემაც ჩინებულად ითამაშა.
მუსტაფა აბდელმოზი, ეგვიპტის ნაკრების მწვრთნელი: ბაჰრეინს მებრძოლი გუნდი ჰყავს, მათ პირველ ტაიმში პრობლემები შეგვიქმნეს, მაგრამ ბოლოს მაინც დამსახურებულად ვიმარჯვეთ.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017