All for Joomla All for Webmasters

ჩილეს ოთხიდან ოთხი. დარჩა საქართველო

მერვედფინალის საგზურისთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრების უპირველესმა კონკურენტმა ჩილემ იაპონიასთან მაგრად კი იბრძოლა, მაგრამ გაცილებით ძლიერ მეტოქესთან მაინც ვერაფერი განაწყო. სამხრეთამერიკელებისთვის იაპონიასთან მოგებას სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ამიტომაც იყვნენ ასე ძლიერ დამუხტულნი. ყოველ გოლს ზედმეტად ემოციურად აღნიშნავდნენ, მაგრამ ბოლოს ტაბლოზე 35: 27 ამომავალი მზის ქვეყნის სასარგებლოდ აციმციმდა.

ჩილემ პირველი ტაიმიც დათმო. ყველაზე ახლოს ისინი იაპონელებთან მეორე ტაიმის დასაწყისში იყვნენ, როცა დრაგო გომესმა ანგარიშში სხვაობა ერთბურთამდე შეამცირა, მაგრამ ეგ იყო და ეგ… მერე იაპონიამ ისევ დაიბრუნა უპირატესობა და ნელ-ნელა სოლიდურადაც დაწინაურდა. უპირატესობა ცუტომუ ტოკოროს შგირდებმა ბოლომდე შეინარჩუნეს.

ჩილეს ჯგუფში ხუთიდან ხუთი წაგება აქვს და იმედია მათი ეს მაჩვენებელი ორშაბათს ჩვენებთან მატჩის შემდეგ გაექვსდება. საინტერესოა, რომ 5 წაგების მიუხედავად ჩილეს ჯგუფიდან გასვლის შანსი კიდევ აქვს. საქართველოს თუ სამხრეთამერიკელებმა 3 ბურთიანი სხვაობით მოუგეს და ალჟირმა უმოტივაციო იაპონიასთან წააგო, მერვედფინალში სწორედ ჩილე ითამაშებს, თუმცა იმედია ეს სიტყვები სიტყვებადვე დარჩება…

ცუტომუ ტოკორო, იაპონიის ნაკრების მწვრთნელი: ჩვენ დასაკარგი არაფერი გვქონდა. ლაღად და თავისუფლად ვითამაშეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ჩილელი გარემარბების კარგმა თამაშმა თავიდან საქმე კი გაგვირთულა, მაგრამ ბოლოს მათი განეიტრალებაც შევძელით.

კლაუდიო ლარა, ჩილეს ნაკრების მწვრთნელი: პირველ ტაიმში შედარებით კარგად ვითამაშეთ, არჩულმა ტაქტიკამ გაამართლა. შესვენების შემდეგ იაპონიამ სისწრაფეში დაგვჩაგრა, რამაც განაპირობა კიდეც მათი გამარჯვება.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017