All for Joomla All for Webmasters

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის შთამბეჭდავი გამარჯვება

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა სლოვენიამ ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა: იანეზ კლემენჩიჩის გუნდმა ამჯერად სერბეთი გაანადგურა – 36:23. პირველ ტურში ტუნისთან მარცხის შემდეგ ბალკანელებმა მექსიკა და რუსეთი დაამარცხეს და ახლა ოთხივე თამაშის მომგებ ესპანეთს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან. უკანასკნელ, მეხუთე ტურში, 14 აგვისტოს, სლოვენიელები სწორედ ესპანელებს დაუპირისპირდებიან, რომლებმაც ოთხივე თამაში მოიგეს და რვა ქულით ჯგუფის ლიდერები არიან.

სლოვენიელებმა პირველი ტაიმი 20:10 მოიგეს. მეტოქესთან შედარებით გამარჯვებულები მრავალფეროვნად უტევდნენ, დაცვაში ყურადღებით თამაშობდნენ, სერბებს კი, თავის მხრივ, თავდასხმისას სიზუსტე აკლდათ – არაერთი ტყორცნა კარს ააცილეს. სიტუაცია არც მეორე ნახევარში შეცვლილა – სლოვენიელები უფრო ზუსტი იყვნენ, რამაც განაპირობა 13-ბურთიანი სხვაობა საბოლოო ანგარიშში.

კლემენჩიჩის გუნდიდან ექვს-ექვსი გოლის გამტანი კრისტიან ჰორზენი და დომენ ნოვაკი უნდა გამოვარჩიოთ. ხუთი ბურთი გაიტანა გასპერ ჰორვატმა. ტექნიკურმა კომისიამ საუკეთესო მოთამაშედ ჰორზენი დაასახელა. რაც შეეხება სერბეთის ნაკრებს, სპეციალური პრიზი მილან იოვანოვიჩს გადაეცა. მან ექვსი გოლი გაუტანა მეტოქეს.

„მთავარია, რომ გავიმარჯვეთ, ახლა ყველაზე ძალიან ეს მახარებს. დეტალებზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, თამაშში ვიყავი ჩართული და ანალიზისთვის დრო მჭირდება. ჩემმა ბიჭებმა დაცვაშიც კარგად ითამაშეს და თავდასხმაშიც, ვფიქრობ, სწორედ ეს იყო ჩვენი გამარჯვების მთავარი მიზეზი“, – განაცხადა სლოვენიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იანეზ კლემენჩიჩმა.

ორშაბათს, 14 აგვისტოს, სერბები ტუნისელებს გაეჯიბრებიან. ვლადიცა სპასოიევიჩის გაწვრთნილ სერბებს ფლეი-ოფში გასასვლელად მხოლოდ მოგება სჭირდებათ. ეს თამაში 12 საათზე დაიწყება.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017