All for Joomla All for Webmasters

ისლანდიელთა ოთხიდან ოთხი – იოლი მოგება ალჟირთან

ოთხი თამაში, ოთხი მოგება – ასეთია ისლანდიის ჭაბუკთა ნაკრების შედეგი მსოფლიო ჩემპიონატზე. საქართველოსთან იოლად მოგების შემდეგ კუნძულელებმა კიდევ ერთი ადვილი გამარჯვება იზეიმეს, ამჯერად ჯგუფის ბოლოადგილოსან ალჟირთან – 37:27. ბოლო ორი ტურია ბიარნი ფრიცონი ძირითადი შემადგენლობით იწყებს, თუმცა პირველი ტაიმის შუიდან მატჩის ბოლომდე სათადარიგოებს აძლევს შანსს და ისინიც ამართლებენ. ორ შეხვედრაში გატანილი 79 გოლი, ვფიქრობთ, ამის დასტურია.

15:13 – ამ ანგარიშით მოიგო ისლანდიის ნაკრებმა პირველი ტაიმი. კუნძულელთა შორის ყველაზე შედეგიანი, ტრადიციულად, მე-14 ნომერი, მარჯვენა შუამარბი ტეიტურ ორნ ეინარსონი გახლდათ: მან ხუთი გოლი გაუტანა მეტოქეს, მათ შორის თავისი გუნდის პირველი სამი ბურთი. ტაიმის თითქმის ნახევარი ეინარსონმა სათადარიგოთა სკამზე გაატარა – ნათელია, რომ მწვრთნელი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს დასვენების საშუალებას აძლევს, ბოლო ტურში გერმანიის ნაკრებთანაა მნიშვნელოვანი პაექრობა, გარდა ამისა, ისლანდიას ხომ ფლეი-ოფიც განაღდებული აქვს. უკვე მეოთხე ტური დაიწყო და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეინარსონი თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა ამ ჩემპიონატზე.

ბიარნი ფრიცონის გუნდი ყველაზე მეტი, ოთხბურთიანი უპირატესობით 28-ე წუთზე დაწინაურდა. ისლანდიელთა ერთ-ერთმა ლიდერმა ბიარნი ოფეიგუ ვალდიმარსონმა ნახტომში ჩაჭრა ალჟირელთა შეტევა, ბურთი წამში გადაუგდო მარცხენა გარემარბს ორი ფრეიურ თორკელსონს და მანაც ზუსტად ტყორცნა – 15:11. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოაფრიკელებმა შესვენებამდე ორი ბურთი შეაგდეს და სხვაობა ორ გოლამდე შეამცირეს, ნათლად ჩანდა – ალჟირი ისლანდიის მომგები არ იყო.

დაიწყო მეორე ტაიმი და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა: 34-ე წუთზე ისლანდია 19:13-ს იგებდა, 47-ე წუთზე ანგარიში 25:17 იყო, კიდევ ერთ წუთში კი ევროპელები პირველად დაწინაურდნენ ათი ბურთით – 27:17. ამის შემდეგ ერთ მომენტში ცამეტი ბურთითაც დაწინაურდა, თუმცა საბოლოოდ ათბურთიანი უპირატესობით გაიმარჯვა – 37:27.

მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად ალჟირელთაგან შვიდი ბურთის გამტანი აბდელ მალექ ფოდილი დასახელდა, ისლანდიელებიდან კი ნომერი 22, მარცხენა გარემარბი ორი ფრეირ თორკელსონი გამოარჩიეს.

„პირველი ტაიმით უკმაყოფილო ვარ, ვერ ვითამაშეთ კარგად. რაც შეეხება მეორე ნახევარს, თამაში გამოვასწორეთ და ამის ხარჯზე გავიმარჯვეთ დიდი უპირატესობით. რომ არა არცთუ სახარბიელო თამაში შეტევაში, მეტი ბურთის სხვაობით მოვიგებდით“, – განაცხადა ისლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა ბიარნი ფრიცონმა.

„ორი განსხვავებული ტაიმი ჩავატარეთ… მეტოქე კარგად იცავდა თავს და ამის ხარჯზე მოიგო დიდი ანგარიშით. ჩვენი მიზანი ფლეი-ოფში მოხვედრაა. ვეცდებით მიზანს ბოლო ტურში მივაღწიოთ“, – განაცხადა ალჟირის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწემ იუსეფ ლუკიტმა.

ორშაბათს, 14 აგვისტოს, ისლანდია-გერმანიის ნაკრების დაპირისპირებაში B ჯგუფის პირველადგილოსანი გამოვლინდება. თამაში 12 საათზე დაიწყება. ალჟირი კი ორი საათით ადრე იაპონიას გაეჯიბრება.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017