All for Joomla All for Webmasters

ესპანეთის ოთხიდან ოთხი

ესპანეთის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე თავისი გასაკეთებელი საქმე საწყის 3 ტურში გააკეთა, მოუგო რა უშუალო კონკურენტებს რუსეთს, ტუნისს და სერბეთს, 6 ქულა დააგროვა და პლეი-ოფის საგზური ვადაზე ადრე გაინაღდა. მექსიკის ნაკრები არა მხოლოდ D ჯგუფის, საერთოდ მსოფლიოს ჩემპიონატის უსუსტესი გუნდია, რომელსაც გატანილი და მიღებული ბურთების შეფარდება -42 აქვს.

ეჭვგარეშეა, რომ ესპანელებს ცენტრალური ამერიკის წარმომადგენლებთან გარანტირებული მოგება ჰქონდათ დაგეგმილი. გასარკვევი მხოლოდ ის იყო რა ჰანდიკაპით დაამარცხებდნენ მეტოქეს.

პირველი ტაიმი პირენეელებმა 18:8 მოიგეს. წინა ტურში სერბეთთან მძიმე შეხვედრის შემდეგ, სადაც ესპანელებს გასამარჯვებლად მაქსიმუმის გაღება და თავიანთი ოსტატობის სრულად გამოვლენა დასჭირდათ, დღეს ცდილობდნენ ძალების დაზოგვით ეთამაშათ. მოწინააღმდეგეც ისეთი ჰყავდათ ამის ფუფუნებას საკუთარ თავს აძლევდნენ. ასე ნება-ნება თამაშით ესპანელებმა 33:18 მოიგეს, ხოლო მექსიკა იმითაც კმაყოფილი უნდა იყოს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა.

ესპანელთაგან საუკეთესოდ 27-ე ნომერი სერხი ფრანკო დასახელდა, ხოლო მექსიკელთაგან მეკარე ბრაიან ბოსკუესი.
ადრიან ვალდეს გომესი, მექსიკის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი: „ვფიქრობ ესპანეთი ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ჩვენ კი მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად ვთამაშობთ. ასეთი დონის გუნდთან დაპირისპირებით უდიდესი გამოცდილება შევიძინეთ. რა თქმა უნდა გვსურს ჩემპიონატზე ყველა მატჩი არ წავაგოთ და ამისთვის ერთი შანსი დაგვრჩა. ვეცდებით გამოვიყენოთ“

დანიელ სანჩეს ნევესი, ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი:
„წაუგებლად ვასპარეზობთ და ეს ძალიან გვახარებს. ტურნირზე უკვე 4 მატჩი გავმართეთ და ყოველ ჯერზე ვცდილობთ თამაშის ხარისხი გავაუმჯობესოთ. დღეს ძირითადი შემადგენლობის ბევრი მოთამაშე დავასვენეთ, რადგან წინ კიდევ არაერთი მატჩი გველის“.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017