All for Joomla All for Webmasters

გერმანია გავიარეთ, მთავარი ჩილეა!

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე მატჩიც ჩაატარა და ახლა უკვე გადამწყვეტი შეხვედრის დრო დადგა. ბექა ორჯონიკიძის გუნდისთვის მთავარი თამაში ორშაბათს, ჩილეს ნაკრებთან ექნება. სადღეისოდ ჩვენები ჯგუფში მე-5 ადგილზე არიან, სამხრეთამერიკელები – ბოლოზე. ბოლო ტურში ჩვენებისა და ჩილეს მატჩის პარალელურად კონკურენტი ალჟირი იაპონიას დაუპირისპირდება და ნაწილობრივ იმ შეხვედრის შედეგზეც იქნება ჩვენი გუნდის ბედი დამოკიდებული. საქართველომ თუ მოიგო,დიდი ალბათობით მერვედფინალში ვნახავთ, თუმცა მომდევნო ეტაპზე თამაშის გაგრძელების სხვა ვარიანტებიც არსებობს. მოკლედ, დავირაზომოთ, ვუქომაგოთ ჩვენს გუნდს და ერთად დავამარცხოთ ჩილეს 19-წლამდელთა გუნდი…

დღეს კი ჩვენები ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტ გერმანიასთან დამარცხდნენ. სატურნირო თვალსაზრისით შეხვედრას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, გერმანია უკვე რამდენიმე დღეა მერვედფინალშია, ჩვენების პერსპექტივაზე კი ზემოთ ვთქვით.

სანახაობრივად მატჩი დიდი ვერაფერი გამოდგა. საამისო მოლოდინი არც იყო. გერმანია რომ დიდი ანგარიშით გაიმარჯვებდა დიდი წინასწარმეტყველება საჭირო არც იყო. ჩვენები 16 ბურთიანი სხვაობით – 41:25 დამარცხდნენ, თუმცა კი უარესიც შეიძლებოდა – მეკარე სანდრო ხანდოლიშვილმა ბოლო წუთებზე გერმანელების რამდენიმე ურთულესი დარტყმული მოიგერია. საპირისპირო კართან კი ხაზაინ რუსტამოვი გამოირჩა, ვინც მეტოქეს 6 გოლი გაუტანა.

გერმანელებმა რამდენიმე ლიდერს დასვენების საშუალება მისცეს, მათ არ ყოფნაში კი საუკეთესოდ მაქს სტარი დაასახელეს.

ბექა ორჯონიკიძე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი: ვფიქრობ, გერმანია ჩემპიონობის მთავარი ფავორიტია. ცხადია, ჩემი ბიჭების თამაშით და შედეგით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ამ შეხვედრაში ჩვენთვის უფრო მნიშვვნელოვანი იმ ტაქტიკური ვარიანტების დამუშავება იყო, რის გამოყენებასაც ჩილესთან გადამწყვეტ მატჩში ვაპირებთ. ძალიან გვინდა ზეგ ჩვენი ქომაგი გავახაროთ.

იოხემ ბეპლერი, გერმანიის ნაკრების მწვრთნელი: გუნდმა თავიდან მძიმედ დაიწყო, თანაც მეტოქემ სწრაფადვე გაგვიტანა ორი გოლი. მერე და მერე კი დაცვაში თამაში გამოვასწორეთ, თავდასხმაშიც უკეთ ავთამაშდით და სასურველი შედეგი მივიღეთ.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017