All for Joomla All for Webmasters

42 გოლი – გამეორებული რეკორდი და ანტირეკორდი

B ჯგუფს, სადაც საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები ასპარეზობს, სამი ტურის შემდეგ გერმანიის და ისლანდიის ნაკრები გუნდები ლიდერობენ. ტურნირის მასპინძლებთან შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ – 42:25, ისლანდიამ ფლეი-ოფში ასპარეზობა გაინაღდა.

8:24 – ამ ანგარიშით წააგო საქართველომ პირველი ნახევარი. მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდებმა ამაზე ნაკლები გოლი ერთ ტაიმში მხოლოდ ორჯერ გაიტანეს: ალჟირმა გერმანიასთან – ოთხი, და მექსიკამ სერბეთთან – ხუთი. პირველ ნახევარზე რაიმე დადებითის თქმა ძნელია: ისლანდია თამაშობდა ისე და აკეთებდა იმას, როგორც სურდა და რაც სურდა.

ანგარიში ყველაფერზე ნათლად მეტყველებს. თუ რაიმეთი ვინუგეშებთ თავს, ეს საქართველოს ნაკრების მეკარის ალექსანდრე ხანდოლიშვილის მიერ ტეიტურ ორნ ეინარსონის 7-მეტრიანი საჯარიმოს მოგერიებაა. სხვა თუ არაფერი, ეინარსონი მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი ხელბურთელია – პირველ ორ ტურში გატანილ 20 ბურთს საქართველოს ნაკრებთან შესვენებამდე კიდევ ხუთი მიუმატა.

მეორე ტაიმში ისლანდიის ნაკრების მწვრთნელმა ბიარნი ფრიცონმა ძირითადი შემადგენლობის ლიდერები – კრისტოფერ სიგურდსონი, ბიარნი ოფეიგუ ვალდიმარსონი და ტეიტურ ორნ ეინარსონი – დაასვენა. ამ სამეულმა საერთო ჯამში 23 გოლი გაუტანა ბექა ორჯონიკიძის გუნდს – სიგურდსონმა და ეინარსონმა შვიდ-შვიდი, ვალდიმარსონმა კი ცხრა. ეს უკანასკნელი ისლანდიის ნაკრების საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა…

მწვრთნელის ბოძებული შანსით უკლებლივ ყველა მოთამაშემ ისარგებლა – საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების კარი, მეკარეებს თუ არ ჩავთვლით, ყველამ დალაშქრა! მეკარეები ვახსენეთ და კიდევ ერთხელ შევაქოთ საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი გიორგი ხარაიშვილი – ისევე, როგორც იაპონიასთან, მან გაიტანა კარიდან კარში…

42 გატანილი გოლით ისლანდიამ საფრანგეთის ნაკრების რეკორდი გაიმეორა. ფრანგებმა პირველ ტურში სწორედ ამდენი ბურთი გაუტანეს ბაჰრეინს. შესაბამისად, ბაჰრეინის ანტირეკორდის თანაზიარი გახდა საქართველო. რაც შეეხება მასპინძელთა გამორჩეულ მოთამაშეს, ასეთად გუნდის კაპიტანი ზურაბ გოგავა აღიარეს. მან ოთხი ბურთი გაუტანა მეტოქეს.

„ძალიან ცუდი სტარტი გვქონდა, ჩაგდებულმა საწყისმა წუთებმა საბოლოო შედეგზე დიდი ზეგავლენა მოახდინა… ჩვენი მთავარი მიზანი ჩილესთან გამარჯვება და ფლეი-ოფში გასვლაა და ვეცდებით მიზანი შევასრულოთ. მსურს მადლობა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს, ვინც მოვიდა და ბოლომდე უქომაგა ბიჭებს“, – ასეთი იყო საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების თავკაცის ბექა ორჯონიკიძის თამაშის შემდგომი კომენტარი.

„პირველ ტაიმში ბრწყინვალედ ვითამაშეთ, ყველა დიდებულად მოქმედებდა. ვისურვებდი, რომ ყველა შეხვედრაში ასე ვიასპარეზოთ… დიდი ანგარიშით მოვიგეთ და ამის გამო ძალიან გახარებული ვარ“, – განაცხადა ისლანდიის ნაკრების დამრიგებელმა ბიარნი ფრიცონმა.

ხვალ, 12 აგვისტოს, ბექა ორჯონიკიძის გუნდი კიდევ ერთ ფავორიტს, გერმანიის ნაკრებს გაეჯიბრება. გერმანია ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი გუნდია სამ თამაშში გატანილი 110 ბურთით. თამაში 18 საათზე დაიწყება. ისლანდიის ნაკრების მეტოქე კი ალჟირი იქნება. ეს მატჩი ორი საათით ადრე გაიმართება.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017