All for Joomla All for Webmasters

საფრანგეთი ყველაზე შედეგიანია: 112 გოლი სამ ტურში

ერიკ ქუინტინის გაწვრთნილმა საფრანგეთის ნაკრებმა 36:29 დაამარცხა ეგვიპტე და ფლეი-ოფში თამაში გაინაღდა. გერმანიის ნაკრების შემდეგ საფრანგეთი მეორე გუნდია, რომელმაც სამ ტურში ასგოლიანი ზღვარი გადალახა. ფრანგებმა 112 ბურთი გაუტანეს მეტოქეებს, გერმანელებმა – 110.

მთელი თამაში ფრანგების უპირატესობით წარიმართა, თუმცა თუ უკანასკნელ ათ წუთს არ ჩავთვლით, მათი უპირატესობა სამ გოლზე მეტი არ ყოფილა. პირველი ტაიმიც საფრანგეთის ნაკრების სასარგებლოდ დასრულდა – 15:13. მატჩის მიწურულს ეგვიპტელებს, რომლებმაც თითქმის მთელი შეხვედრა ძირითადი შემადგენლობით ჩაატარეს, დაღლა დაეტყოთ, საფრანგეთმა კი პირიქით, თანაბრად გადაანაწილა ძალები და საბოლოოდ შვიდი ბურთის უპირატესობით გაიმარჯვა. საგულისხმოა, რომ ფრანგებიდან თერთმეტმა მოთამაშემ გამოიჩინა თავი, მათგან შვიდმა კი მინიმუმ სამი ბურთი გაიტანა.

ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის რჩეულები ყველაზე შედეგიანი მოთამაშეები გახდნენ: ფრანგებს შორის სპეციალური პრიზი ექვსი გოლის ავტორს ედუარდ კემპფს გადაეცა, ეგვიპტელებიდან კი მე-11 ნომერს, ამდენივე ბურთის გამტანს ხალედ ვალიდ იბრაჰიმს.

„ველოდით, რომ მეტოქე დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევდა, თუმცა ისიც ვიცოდით, რომ თუ ბოლომდე ვიბრძოლებდით და არ გავჩერდებოდით, მეტოქეს ვაჯობებდით. ეგვიპტე კარგი გუნდია, ძლიერი მეტოქესთან გამარჯვება კი, ცხადია, უფრო სასიამოვნოა. ჩვენი საბოლოო მიზანი ჩემპიონობაა, ასე რომ, დასახული მიზნიკსნე სვლას ვაგრძელებთ“, – განაცხადა საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ქუინტინმა.

A ჯგუფი ხვალ არ თამაშობს, ზეგ, 13 აგვისტოს კი მეოთხე ტური ჩატარდება. ჯგუფის პირველადგილოსანი საფრანგეთი 18 საათზე შვედეთს დაუპირისპირდება, ორი საათის შემდეგ კი ბაჰრეინი-ეგვიპტის შეხვედრა დაიწყება. ეგვიპტე მეტოქეს დანიასთან პირველ ტურში მოპოვებული ქულის წყალობით უსწრებს.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017