All for Joomla All for Webmasters

სამხრეთ კორეა პორტუგალიამ შეაჩერა

ჯგუფის და საერთოდ დღევანდელი დღის დასკვნით შეხვედრაში პორტუგალია სამხრეთ კორეას დაუპირისპირდა. აზიელებმა საწყის ორ ტურში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვეს და სატურნირო ცხრილში 4 ქულით იწონებდნენ თავს. პირველ ტურში მათგან ბრაზილიის დამარცხება იმდენად არა, მაგრამ შემდეგ ხორვატიის ძლევა უკვე მოულოდნელობად შეფასდა. ამიტომაც, სამხრეთ კორეელები პორტუგალიასთან შეხვედრაში, სათამაშო პარკეტზე უკვე ფავორიტის სტატუსით გამოვიდნენ, მაგრამ როგორც ჩანს წინა ორ მატჩს იმდენი ენერგია შეალიეს, რომ დღეს არაქათგამოცლილები ჩანდნენ.
მაღალი ტემპი, სწრაფი კონტრშეტევები და ტექნიკური თამაში აზიელთა მთავარი კოზირი იყო წინა ორ შეხვედრაში, რაც პორტუგალიასთან დაპირისპირებაში ისე კარგად აღარ გამოუვიდათ. ყოველივე ამან კი საბოლოო შედეგზეც დიდი გავლენა იქონია.
აღნიშნულ მატჩს დამატებით ინტრიგას ის სძენდა, რომ გამარჯვებული ნაკრები ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი ხდებოდა. მოიგო იმ გუნდმა, რომელიც კონკრეტულ მომენტში უკეთ იყი მზად. 33:24 პორტუგალიის სასარგებლოდ.
„ურთულესი მატჩი გამოდგა. ჩვენი მეტოქე სწრაფი და ტექნიკური გუნდია და ვიცოდით, რომ მათთან თამაში ადვილი არ იქნებოდა. გუშინ ჩვენ ერთ-ერთ წამყვანი მოთამაშე დავკარგეთ, რომელმაც მძიმე ტრავმა მიიღო. ამ გამარჯვებას მას ვუძღვნით“ – აღნიშნა პორტუგალიელთა გუნდის მენეჯერმა პაულო პერეირამ.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017