All for Joomla All for Webmasters

სამხრეთ ამერიკული ჯახი ბრაზილიამ მოიგო

ნებისმიერ სათამაშო სპორტის სახეობაში აფიშა არგენტინა-ბრაზილია უკვე დიდ ინტრიგას და ინტერესს იწვევს. ასე იყო ამჯერადაც – თბილისში მიმდინარე მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატზე ხელბურთში. მართალია, განსაკუთრებული სახელბურთო მიღწევებით არცერთი გამოირჩევა, მაგრამ როდესაც საქმე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს ეხება ეს სათვალავში დიდად არ უნდა ჩავაგდოთ.

ერთმანეთთან დაპირისპირებამდე ორივე ნაკრები უქულოდ მოვიდა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ მოგებული ჯგუფიდან გასვლის შანსს შეინარჩუნებდა, წაგებული კი პრაქტიკულად ჩემოდნების ჩასალაგებლად უნდა მომზადებულიყო. 
მატჩის დაწყებამდე სპეციალისტები უპირატესობას ბრაზილიის გუნდს ანიჭებდნენ, თუმცა ეს ბევრს არაფერს ნიშნავდა. მართალია, საბოლოოდ ყვითლებმა მიზანს მიაღწიეს, მაგრამ ამ ორი ქვეყნის სპორტული მტრობიდან გამომდინარე გამარჯვებას და შესაბამისად ორ ქულას არცერთ გუნდს ხონჩით არავინ მიართმევდა.

შეხვედრის პერიპეტიების აღწერას არ შევუდგებით. ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ ორივე გუნდის მოთამაშეების მხრიდან იყო დიდი ბრძოლა და შემართება. და კიდევ ერთი: ეს მატჩი თბილისის მსოფლიოს ჩემპიონატზე აქამდე გამართულთაგან ყველაზე მწირგოლიანი გამოდგა. სულ ჯამში 39 გოლი გავიდა და ბრაზილიამ არგენტინა 22:17 დაამარცხა.

„პირველ ნახევარში ყველაფერს კარგად ვაკეთებდით და გუნდი დასახული გეგმით თამაშობდა. ამან ნაყოფი გამოიღო და გასახდელში ერთ ბურთიანი უპირატესობით გავედით. მეორე ნახევარში კი დაღლა დაგვეტყო, განსაკუთრებით ბოლო 5 წუთში და ლოგიკურადაც დავმარცხდით. დაცვის ხაზს არა უშავდა, თავდასხმაში კი ბევრ სირთულეს წავაწყდით“ – აღნიშნა არგენტინელთა მთავარმა მწვრთნელმა კარლოს ოსვალდო ლოპესმა.

„ურთულესი თამაში გვქონდა. ვცდილობდით ჩვენი მაქსიმუმი გვეჩვენებინა და მგონი გამოგვივიდა კიდეც. პირველი ნახევრით არც ისე კმაყოფილი ვარ, განსაკუთრებით შეტევით, თუმცა მეორე ნახევრის ბოლო ნაწილში ყველაფერი გამოვასწორეთ და ვფიქრობ დამსახურებულად გავიმარჯვეთ. დაცვის ხაზიც მობილიზებული გახლდათ, რაც მიზნის მიღწევაში დიდად დაგვეხმარა“ – განაცხადა ბრაზილიელთა დამრიგებელმა ვაშინგტონ სილვამ.

C ჯგუფში, მეოთხე ტურის შეხვედრები 13 აგვისტოს გაიმართება. არგენტინა სამხრეთ კორეას, ბრაზილია ხორვატიას, ხოლო პოლონეთი პორტუგალიას დაუპირისპირდება.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017