All for Joomla All for Webmasters

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონების პირველი გამარჯვება

ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის სამგზის გამარჯვებულმა დანიამ თბილისში მიმდინარე მსოფლიო პირველობის ერთ-ერთ საუკეთესო შეხვედრაში 29:26 დაამარცხა შვედეთი. დანია, რომელიც ორი ტურის შემდეგ ბოლო ადგილზე იყო, ახლა სამი ქულით მეორეა. რაც შეეხება შვედეთს, ჯერი ალბაკის გუნდი კვლავ მეოთხე ადგილზეა და მესამეადგილოსან ნორვეგიას მხოლოდ ბურთების უარესი სხვაობით ჩამორჩება.

დანიამ კარგად დაიწყო თამაში და მალევე დაწინაურდა. შვედებმა მე-12 წუთზე მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება, მომდევნო შეტევით კი დაწინაურდნენ კიდეც, რასაც დანიელთა თავკაცის კლაუს ჰანსენის წუთშესვენება მოჰყვა. როგორც ჩანს, მწვრთნელის შეგონებებმა არ გაამართლა, რადგან შვედებმა უპირატესობა გაზარდეს და მე-17 წუთისთვის 11:6-ს იგებდნენ. პირველი ტაიმი მაინც ფრედ დასრულდა – 14:14.

შესვენების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა, დანია უკეთ ათამაშდა, განსაკუთრებით კი გუნდის ლიდერთა სამეული: ხაზის მოთამაშე ემილ ლაერკე, მარცხენა გარემარბი ემილ იაკობსენი და ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მათიას გიდსელი. ამ სამეულმა გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი. 26-ე წუთზე, როცა იაკობსენმა შვედების შეტევა ჩაჭრა და კონტრიერიში ზუსტი ტყორცნით დააგვირგვინა, დანიელები 26:21 დაწინაურდნენ. სწორედ ეს იყო გარდამტეხი მომენტი – შვედები ეცადნენ, მაგრამ ვერას გახდნენ – თამაში ვერ გადაარჩინეს.

დანიის ნაკრების საუკეთესო მოთამაშედ მათიას გიდსელი დაასახელეს. მან რვა გოლი გაიტანა. შვედებიდან კი სპეციალური პრიზი ოთხი ბურთის გამტან ოსკარ სანეფელდტს გადაეცა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი მატჩი იყო. ძალიან გვინდოდა მოგება, მაგრამ ვერ შევძელით. მიუხედავად ამისა, იმედიანად ვართ, წინ კიდევ ორი მატჩი გველის და ვეცდებით ფლეი-ოფის საგზური იმ შეხვედრებში მოვიპოვოთ“, – განაცხადა შვედეთის ნაკრების თავკაცმა ჯერი ალბაკმა.

„ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო… პირველ ორ ტურში არცთუ კარგი ასპარეზობის მერე, ვფიქრობ, ბიჭებმა მოახერხეს და საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინეს. ყველაზე ძალიან გამარჯვება მახარებს. ვიმედოვნებ, მომდევნო ეტაპზეც გავალთ, იქ კი უკეთ ვიასპარეზებთ“, – განაცხადა დანიელთა მთავარმა მწვრთნელმა კლაუს ჰანსენმა.

13 აგვისტოს მეტოქეები მეოთხე ტურის შეხვედრებს ჩაატარებენ. შვედების მეტოქე ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი, ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი საფრანგეთი იქნება. მატჩი 18 საათზე დაიწყება. რაც შეეხება დანიას, ამ გუნდს კიდევ ერთი სკანდინავიური დაპირისპირება ელის – 16 საათზე ნორვეგიასთან.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017