All for Joomla All for Webmasters

ვიკინგების შთამბეჭდავი გამარჯვება

თბილისში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიო პირველობის ერთ-ერთი მთავარი სენსაციის ავტორმა ბაჰრეინმა, დანიასთან მატჩის მსგავსად, ნორვეგიასთანაც აქტიურად დაიწყო თამაში, თუმცა აზიელებმა, როგორც ჩანს, გუშინდელ გამარჯვებას დიდი ძალა შეალიეს და დღეს ბოლომდე სათამაშოდ ძალა აღარ ეყოთ.

მე-12 წუთზე სკანდინავიელებმა პირველად გაათანაბრეს ანგარიში – 6:6 და ამის შემდეგ უპირატესობა საბოლოოდ გადავიდა მათ მხარეს. მე-20 წუთზე ბაჰრეინმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლა – ანგარიში 10:10 გახდა, მაგრამ მომდევნო 8 წუთში მათ გოლი ვეღარ გაიტანეს, ნორვეგია კი პირიქით, ზრდიდა და ზრდიდა უპირატესობას. 28-ე წუთისთვის სხვაობამ შვიდ გოლსაც მიაღწია – 17:10. ამ მონაკვეთში განსაკუთრებით კარგად ითამაშეს ანსტეინ ენგრავსლიას გუნდის მარჯვენა და მარცხენა გარემარბებმა, ნომერმა 4-მა სანდერ სოევლი სიმონსენმა და მე-8 ნომერმა სინდრე ჰელდალმა. პირველმა ორჯერ დაარტყა ზუსტად, მეორემ კი სამი გოლი გაიტანა. უნდა ვახსენოთ ნორვეგიელთა მეკარე ჰალვორ ელიას ნაერლანდიც – მან ბაჰრეინელთა ოთხი შეტევა მოიგერია.

მეორე ტაიმში ნორვეგიის უპირატესობა უფრო თვალშისაცემი გახდა: მე-40 წუთისთვის ენგრავსლიას გუნდი 26:16-ს იგებდა, 50-ე წუთისთვის ანგარიში 32:19 იყო, საფინალო სასტვენმა კი ნორვეგიის 16-ბურთიანი გამარჯვება გვამცნო – 39:23. შევნიშნავთ, რომ ბაჰრეინელთა წინააღმდეგ თორმეტმა ნორვეგიელმა გამოიჩინა თავი, მათგან ყველაზე შედეგიანი კი მე-8 ნომერი, რვა გოლის ავტორი სინდრე ჰელდალი გახლდათ.

რაც შეეხება მატჩის რჩეულებს. ბაჰრეინელთაგან საუკეთესოს პრიზი მე-11 ნომერს, ექვსი გოლის გამტან აბდულა ალის გადაეცა, გამარჯვებულებიდან კი ათამდე შეტევის მომგერიებელი მეკარე ჰალვორ ელიას ნაერლანდი გამორჩიეს.

„აშკარად გამოჩნდა, რომ დანიასთან გუშინდელ გამარჯვებას დიდი ძალა შევალიეთ – ბიჭები გადაღლილები იყვნენ. ჩვენი წაგების მიზეზად სწორედ გადაღლას მივიჩნევ“, – განაცხადა ბაჰრეინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ალი რადის თანაშემწემ ებრაჰიმ ალიმ.

„დასაწყისი დაძაბული გამოდგა, მაგრამ მას შემდეგ რაც ჩვენმა მეკარემ რამდენიმე ბურთი მოიგერია, დიდი უპირატესობა მოვიპოვეთ და გავიმარჯვეთ. მიხარია, რომ მოვიგეთ, ძალიან გახარებული ვარ! ორი უიღბლობის შემდეგ ეს გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა. ვფიქრობ, ჩემმა გუნდმა დღეს ძალიან კარგად ითამაშა, მადლობა ბიჭების ამისთვის“, – განაცხადა ნორვეგიელთა თავკაცმა ანსტეინ ენგრავსლიამ.

ორი მარცხის შემდეგ ნორვეგიამ პირველი გამარჯვება იზეიმა და ბურთების შეფარდებაც გამოასწორა. ბაჰრეინმა კი მეორედ წააგო და კვლავ დიდი სხვაობით. შეგახსენებთ: ჩემპიონატის სტარტზე, პირველი ტურის პირველ შეხვედრაში ბაჰრეინელები ფრანგებმა გაანადგურეს – 20:42. ნორვეგია მეოთხე ტურის შეხვედრას ზეგ, 13 აგვისტოს გამართავს. მეტოქე დანიის ნაკრებია. ეს თამაში 16 საათზე დაიწყება. ბაჰრეინელები კი ეგვიპტელებს იმავე დღეს 20 საათზე გაეჯიბრებიან.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017