All for Joomla All for Webmasters

ესპანეთი ერთპიროვნულად გალიდერდა

მესამე ტურის საკვანძო მატჩს ესპანეთი ქულათა მაქსიმუმით, ხოლო სერბები თითო მოგება-წაგებით შეხვდნენ. პირენეელები ჩემპიონატის მოგების თუ არა საპრიზო სამეულში მოხვედრის ერთ-ერთი უმთავრესი პრეტენდენტები არიან და აქედან გამომდინარე ბალკანელები რთული ამოცანის წინაშე იდგნენ. მათ დასანანი მარცხი მეორე ტურში რუსეთთან იწვნიეს და ესპანეთის ნაკრებთან რეაბილიტაცია მთლად უტოპიური თუ არა, ურთულესი საქმე იყო.

სახელბურთო საზომით და ტრადიციებით ესპანეთი დღევანდელ მის მეტოქეს კი აღემატება, მაგრამ სპორტის ეს სახეობა სერბეთშიც საკმაოდ პოპულარულია და იოლად არავის არაფერს უთმობენ. ესპანეთთან მატჩმა კი ამაში სრულად დაგვარწმუნა. ალბერტო სუარესის შეგირდები წყვილში ფავორიტებად კი მიიჩნეოდნენ, მაგრამ სერბეთთან რომ ისე მარტივად ვერ გაისეირნებდნენ, როგორც რუსეთთან შეხვედრის დაწყებიდან მალევე გამოჩნდა.

სერბეთმა პირველი ნახევარი მინიმალური სხვაობით 14:15 დათმო. მეორე ტაიპიც პირველის იდენტური გამოდგა. ესპანეთი გაქცევას ვერ ახერხებდა, უფრო მეტიც – 54 წუთისთვის სულაც სერბები დაწინაურდნენ. ბოლო წუთები კი კულმინაცია და ნერვების ომი იყო, რომელშიც მოიგებდა ის, ვისაც მეტი გამძლეობა + გამოცდილება და ოსტატობა აღმოაჩნდებოდა. შეხვედრის დასრულებამდე 15 წამით ადრე ესპანეთის ნაკრებმა ულამაზესი კომბინაცია გაითამაშა და იან ტარაფეტამ ვარდნაში ეფექტური გოლი გაიტანა, რაც გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.

საუკეთესო მოთამაშეებად ესპანელთაგან გონსალო პერესი, ხოლო სერბთაგან სტეფან სუნაკო დაასახელეს.
„მთელი თამაში ინტენსიურ ტემპში მიმდინარეობდა, რაც უდიდეს ფიზიკურ მზადყოფნას მოითხოვს. ასეთ რთულ მეტოქესთან, ბოლო წამებზე მოპოვებული გამარჯვება ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა. გვქონდა ხარვეზებიც, რაც უმთავრესად დაცვის ხაზს ეხება“ – აღნიშნა მატჩის შემდგომ კომენტარში ესპანელთა დამრიგებელმა ალბერტო სუარესმა.
ესპანეთი ამ მოგებით, 6 ქულით D ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017